რაფინია დიასი, ჰანსი ფლიკი, პედრი
Aa
Aa

ყველა მატჩში ერთი და იგივე? - უთანხმოება ფეხბურთელებსა და ფლიკს შორის

ჰანს-დიტერ ფლიკმა „ბარსელონას“ ფეხბურთელებთან ერთად ესპანეთის თასზე „ატლეტიკოსთან“ გამანადგურებელი მარცხი (0:4) განიხილა და როგორც ჩანს, გუნდში მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის უთანხმოებაა.

როგორც The Athletic იუწყება, დღეს საწვრთნელ ბაზაზე ფლიკმა უკმაყოფილება გამოთქვა გუნდის დამოკიდებულებისა და თამაშის ინტენსივობის გამო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ფეხბურთელებმა კი გერმანელს საკუთარი შეშფოთება გაუზიარეს ტაქტიკასთან დაკავშირებით: მათი აზრით, ჩვეულ სტილში თამაში - დაცვის მაღალი ხაზითა და ინტენსიური პრესინგით - ამჯერად საუკეთესო იდეა არ იყო.

ხაზგასმულია, რომ ფეხბურთელებმა საკუთარი შეხედულებების გაზიარება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მიმდინარე სეზონში მსგავს სიტუაციას პირველად არ აწყდებიან.

ასევე, გუნდი მიიჩნევს, რომ პედრისა და რაფინიას გარეშე ჩვეული ტაქტიკის წარმატებით გამოყენება ძალიან რთულია. მათი სიგნალი მდგომარეობს არა იმაში, რომ უარი თქვან არსებულ სტილზე, არამედ იმაში, რომ ზოგიერთ მატჩში საჭიროა მეტი პრაგმატულობა და ხელმისაწვდომი ფეხბურთელების რესურსის გათვალისწინება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ მატჩების 90%-ში იდენტურ გოლებს უშვებს და ეს სწორედ ფლიკის ამოწეული დაცვისა და მაღალი პრესინგის გამო ხდება. გუნდს ამ ტაქტიკასთან გამკლავება სულ უფრო უჭირს. „ბარსელონაში“ ხშირი ტრავმიანობაა და დაცვის ხაზში ინიგო მარტინესის შემცვლელიც ამ დრომდე ვერ მოიძებნა.

ამ ყველაფრის ფონზე, ფლიკის მიმართ ფეხბურთელების უკმაყოფილება სრულიად ლოგიკური ჩანს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს შეხვედრებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები