„VAR-ის ნახევრად ავტომატური სისტემა გაფუჭდა... ეს სკანდალია და სამარცხვინოა...“
ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა სკანდალური გამოდგა. გარდა იმისა, რომ მადრიდელებმა კატალონიელები 4:0 გაანადგურეს, მსაჯებმა „შოუს მოპარვა“ ამჯერადაც შეძლეს.
დღეს, ესპანურ პრესაში ხმაური დილიდანვე იყო. მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა „ატლეტიკოს“ კარში „ბარსელონას“ მცველის, პაუ კუბარსის გოლის ეპიზოდზე VAR-ის 6-8-წუთიანი განხილვის შესახებ კომენტარი გააკეთა.
გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, თუმცა იმ ეპიზოდში ძალიან რთული იყო თამაშგარე ვინმეს შეემჩნია. და აი, რა მომხდარა უშუალოდ მატჩის დროს:
„სიტუაციის შეფასებისას და პროტოკოლის შესაბამისად, VAR-ის გუნდმა ანალიზი თამაშგარე მდგომარეობის განსაზღვრის ნახევრად ავტომატური სისტემის (SAOT) გამოყენებით ჩაატარა. ანალიზის პროცესში, კადრში ფეხბურთელების მაღალი სიმჭიდროვის გამო, მოდელირების შეფერხება გამოვლინდა. მას შემდეგ, რაც მოდელირების დაკალიბრების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, VAR-ის გუნდმა, დადგენილი პროცედურის თანახმად, საბოლოო და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად თამაშგარის ხაზები ხელით გაავლო.
ამ მიზეზით, გამონაკლისის სახით - შემოწმების პროცესმა ჩვეულებრივზე მეტი დრო წაიღო, ხოლო ეპიზოდის რეკონსტრუქციის ჩვენება ტრანსლაციაში ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ SAOT სისტემამ არ იმუშავა“,
– ნათქვამია პრესრელიზში.
ახლა უკვე ყველაფერი ლოგიკურია - მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა აღიარა, რომ ტექნოლოგია წყობიდან გამოვიდა და თამაშგარე მდგომარეობის დადგენა მათ ხელით მოუხდათ, რაც საბოლოოდ შეცდომით დასრულდა. ამ ყველაფრის ფონზე, „ბარსელონა“ საჩივრის დაწერას აპირებს, რაც ასევე ლოგიკურია.
კატალონიური კლუბი ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციაში (RFEF) ოფიციალური საჩივრის შეტანის შესაძლებლობას განიხილავს.
ამ ეპიზოდს სკანდალური უწოდა „ბარსას“ კაპიტანმა ფრენკი დე იონგმა, რომელმაც დაადასტურა - არბიტრებმა მატჩის მსვლელობის დროს მათ განუცხადეს, რომ სისტემა გაფუჭდა.
„რთულია რამეზე საუბარი. გვითხრეს, რომ სისტემა გაფუჭდა. ეს უცნაური იყო... ეს სკანდალია“,
– განაცხადა დე იონგმა.
სკანდალურ ეპიზოდზე „ბარსელონას“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა (წესების თანახმად, არჩევნებამდე პოსტს ის იკავებს), რაფა იუსტემაც ისაუბრა.
იუსტემ VAR-ის გადაწყვეტილებას „სირცხვილი“ უწოდა და უკმაყოფილება გამოთქვა „გადაწყვეტილების მოლოდინში დაკარგული რვა წუთის“ გამო.
„როგორც პრეზიდენტს, მსურს ვთქვა, რომ ამ ფაქტს ყურადღების გარეშე არ დავტოვებთ და განმარტებებს მოვითხოვთ. დაუშვებელია რვა წუთის განმავლობაში ველოდოთ იმის გარკვევას, თუ რა ხდება თამაშში“,
– განაცხადა იუსტემ Catalunya Radio-სთან ინტერვიუში.
განმეორებითი შეხვედრა 3 მარტს (23:55) „კამპ ნოუზე“ გაიმართება და აქედანვე ცხადია, რომ წინ კიდევ ერთი დაძაბული, უხეში და ძალზედ დრამატული სანახაობა გველის.