„ჭკვიანი, სწრაფი და დისციპლინირებულია“ - ესპანური პრესა გულიაშვილზე
ესპანური გამოცემა El Diario Montañes-ი სანტანდერის „რასინგზე“ წერს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში გუნდს შეტევის ხაზში სერიოზული პრობლემები შეექმნა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სხვა შემტევების ტრავმების ფონზე გუნდის ქართველ ახალწვეულს, გიორგი გულიაშვილს კლასიკური ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში მოუწევს.
რას წერს გამოცემა:
„სეზონის გარკვეულ მონაკვეთში „რასინგს“ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ერთდროულად 6 ფეხბურთელი ჰყავდა, ახლა კი, ასიერ ვილიალიბრეს გამონაჯმრთელების და ხუან კარლოს არანას დაბრუნების ფონზე გიორგი გულიაშვილის უნივერსალურობისა და ხაიმე მატას გამოცდილების გამოყენება საკვანძო ფაქტორი იქნება.
რასინგის 51 გოლიდან 20 ცენტრფორვარდების ანგარიშზეა, თუმცა ორ ცენტრფორვარდს - არანასა და გულიაშვილს გოლები ჯერ არ გაუტანიათ. სეზონის დაწყებამდე არანა გუნდის მთავარ თავდამსხმელად ითვლებოდა, თუმცა სერიოზული ტრავმის გამო მას თითქმის ორი თვე გაუცდა, მას შემდეგ კი საუკეთესო კონდიციები ჯერ არ დაუბრუნებია.
იერემი არევალო ზამთარში „შტუტგარტმა“ წაიყვანა, ვილიალიბრე 2026 წლის პირველივე მატჩში დაშავდა და მოედანზე მისი დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გასულ კვირაში დაშავდა 18 წლის მანექს ლოზანოც, ხოლო 37 წლის ხაიმე მატა კი გუნდს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
რაც შეეხება გულიაშვილს, ის უნივერსალური და მშრომელი ფეხბურთელია, „მირანდესთან“ მატჩში საკმაოდ კარგად გამოყურებოდა, თუმცა ქართველი თავისი მახასიათებლებით სხვა ფორვარდებისგან განსხვავდება, „ეიბართან“ კი მას ისევ ცენტრფორვარდად თამაში მოუწევს. გულიაშვილს ჯერ კიდევ სჭირდება დრო მეტი სტაბილურობისთვის, თუმცა ის ჭკვიანი, სწრაფი და დისციპლინირებულია, ამიტომ გამოუვალ მდგომარეობაში დასახულ ამოცანას თავი კარგად უნდა გაართვას“.
ცნობისთვის, 24 წლის გულიაშვილი „რასინგს“ იანვარში „სარაევოდან“ შეუერთდა და ესპანური კლუბის მაისურით უკვე 4 მატჩი ჩაატარა.