ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ლუის ენრიკე, დეზირე დუე
Aa
Aa

დემბელემ დუე და კვარა იგულისხმა? - ენრიკეს უსმანის ქმედება არ მოეწონა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში პსჟ სტუმრად „რენთან“ 1:3 დამარცხდა, თუმცა მარცხი უსმან დემბელეს მატჩის შემდგომმა კომენტარმა გადაფარა.

დემბელემ ეჭვქვეშ დააყენა ზოგიერთი თანაგუნდელის ქცევა, რომელიც ზედმეტად ინდივიდუალისტურად და ეგოისტურად მიიჩნია: „სანამ საკუთარ თავზე ვიფიქრებთ, კლუბისთვის უნდა ვითამაშოთ“, – აღნიშნა მან, თუმცა მედიასთან კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია. მიუხედავად ამისა, L'Equipe-სა და Le Parisien-ის ინფორმაციით, დემბელეს სამიზნე აშკარად დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია იყვნენ.

ეს ფრანგული სპორტული გამოცემების აზრია, თუმცა დემბელეს ნათქვამის გაშიფვრა რთულია.

დუეს შემთხვევაში მცირე ხელჩასაჭიდი (არგუმენტი) არსებობს.

„ჯერ კიდევ გასულ უქმეებზე, „მარსელთან“ მატჩისას, „ოქროს ბურთის“ მფლობელმა დუე რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა. დეზირე კარის წინ გამაოგნებელ უნიათობას იჩენდა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში მან დემბელეს რეალური საგოლე შანსი მაინც შეუქმნა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელი „რენთან“ შეხვედრაში დიდად ვერაფრით გამოირჩეოდა“,

– წერს L'Equipe-ი.

თავის მხრივ, Le Parisien-ს მყარი მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა მაინც ამ ორ მოთამაშეზე მიანიშნებს:

„სურდა თუ არა მას, როდესაც გადაფარვით თქვა, რომ გუნდს საკუთარ თავში ჩახედვა სჭირდება, რომელიმე პარტნიორის მიზანში ამოღება? თუ ასეა, ვისი? დეზირე დუესი თუ ხვიჩა კვარაცხელიასი, რომლებიც მოედნიდან ერთი საათის შემდეგ ისე გაიყვანეს. არც ერთ მათგანს გუნდისთვის დღეს სარგებელი არ მოუტანია“.

დემბელეს როგორც ჩანს ამბიციები მოეძალა და თავს სხვებზე მაღლა აყენებს, რაც როგორც წესი, გუნდში შიდა სამზარეულოსთვის არასდროსაა კარგი. ლუის ენრიკემ უსმანის მიერ ნასროლი ეს „ბომბი“ თავისებური სიმკაცრით განმუხტა.

„დემბელეს განცხადება? მატჩის შემდეგ ფეხბურთელები შედეგს ემოციურად აფასებენ. მე არ დავუშვებ, რომ რომელიმე ფეხბურთელმა პირადი ინტერესები კლუბის ინტერესებზე მაღლა დააყენოს - ამის გარანტიას მე გაძლევთ. ამას არც სპორტული დირექტორი და კლუბის პრეზიდენტი დაუშვებენ. მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ამიტომ დემბელეს განცხადებას არ შევაფასებ“.

სამშაბათს პარიზელებს  „მონაკოსთან“ სტუმრად ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის მატჩი ელოდებათ და გუნდში გარემოს დაძაბვა მთავარი მწვრთნელის ინტერესებში ნამდვილად არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები