„ვარლამ ლიპარტელიანს ჩემი ოქრო ორმაგად გაუხარდება“ - მსოფლიოს ჩემპიონის პირველი კომენტარი
2025 წლის 15 ივნისი საქართველოს ძიუდოსა და მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა - ეთერ ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი მეტოქის დამარცხების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც პლანეტის პირველობა მოიგო. უდიდესი წარმატების მიღწევის შემდეგ, ეთერმა Crystalsport-თან ვრცელი კომენტარი გააკეთა.
ეთერ ლიპარტელიანი
პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს - ისინი მთელი დღის განმავლობაში ძალიან მამხნევებდნენ და უზომოდ მინდოდა, რომ საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა. დიდი მადლობა ეკუთვნის ასევე მწვრთნელებსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხელი შეეწყოთ.
ფინალში როდესაც გავედი, წუთითაც არ მიფიქრია, რომ ფინალისტობა ჩემი მაქსიმუმი იყო. პირიქით, გონებაში საერთოდ არ ვუშვებდი, რომ აქედან ოქროს მედლის გარეშე წავსულიყავი და სანუკვარი ტიტულის მოსაპოვებლად თავი არ დავზოგე.
მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ასპარეზობა კიდევ დამატებითი პასუხისმგებლობა და მიხარია, რომ ჩემი გვარი წითელი ასოებით შეიცვლება. ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყო და ვიცი, რომ მას ჩემი ეს წარმატება ორმაგად გაუხარდება.
ცნობისათვის, ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიოს პირველობაზე აქამდე არც ერთი სინჯის მედალი არ ჰქონდა მოპოვებული. ევროპის ჩემპიონატზე კი ის ერთხელ ვერცხლისა და ორგზის ბრინჯაოს მედალოსანია.