სარდალაშვილი: გულდასაწყვეტია რაც მოხდა, თუმცა თავის მართლებას არ დავიწყებ
-60 კგ კატეგორიაში მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა, უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულა და მასპინძელთა წარმომადგენელ მარტონ ანდრასისთან არბიტრების მიკერძოებული გადაწყვეტილებით დამარცხდა.
სარდალაშვილი Crystalsport-ს ესაუბრა და გუშინდელი დღე შეაფასა:
„გულდასაწყვეტია. იყო ბევრი ფაქტორი, ბევრი სადაო მომენტი, თავის მართლებას არ დავიწყებ, სპორტია და მარცხია, ასეთი რამ ხდება. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ალბათ მასპინძლის სტატუსმა იმოქმედა. გამოიყენეს ეს პრივილეგია. პირველ შეხვედრაშიც ორჯერ გამაფრთხილეს. მეორე შეხვედრაში უნგრელი რამდენიმეჯერ ჩამიწვა, ორჯერ ფეხში მომკიდა, მაგრამ მსაჯებმა ყურადღება არ მიაქციეს, გდებას რომ თავი დავანებოთ, ამისთვის ყურადღება რომ მიექციათ, ბოლო წამებამდე შეხვედრა საერთოდ არ მივიდოდა.
გაპროტესტებას აზრი არ აქვს, ეგ უფრო დამაზარალებს. პირიქით, რომ თქვან ჩვენი ბრალიაო, ეგ უფრო მეწყინება, ეგ უფრო დამაზარალებს, ამისთვის ოქროს მედალს არავინ ჩამომკიდებს.
ამიტომ ამ მარცხს ვიღებ, შევეგუები. ერთი ის ვიცი, რომ ღმერთი ყოველთვის ჩემთანაა, ეს გზა უნდა გავიარო. ეს გზა მაქვს გასავლელი. რაც მთავარია ყოველ ამ სიტუაციას მეორე, დადებითი მხრიდან უნდა შევხედოთ, ოლიმპიადამდე 3 წელია და ეს ყველაფერი ოლიმპიურ თამაშებს ემსახურება. მთავარია ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე“.
აქვე გეტყვით, რომ ტურნირზე მეორე დღეც წარუმატებელი გამოდგა. -66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი მეორე წრეში ტაჯიკ მსოფლიოს პირველ ნომერ ნურალი ემომალისთან დამარცხდა.
ხვალ კი -73 კგ-ში უმედლო სტარტისა და ნავსის გატეხას ჩვენი ლეგენდარული ჯუდოკა ლაშა შავდათუაშვილი შეეცდება. გამოსვლები ჩვეულებისამებრ 13:00-დან დაიწყება.
