წონა ჩაბარებულია - ჩოხელი და თანზილოვი ბრძოლისთვის მზად არიან
21 ივნისი ქართული MMA-სთვის ისტორიული დღე იქნება — მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციაში, UFC-ში, ერთდროულად ორი ქართველი მებრძოლი დებიუტს გამართავს. ლას ვეგასში ოქტაგონზე პირველად გავლენ ლევან ჩოხელი და ოთარ თანზილოვი.
სულ ცოტა ხნის წინ, ორივე ქართველმა ოფიციალურ აწონვაზე წარმატებით ჩააბარა წონა და სადებიუტო ბრძოლებისთვის მზად არიან.
28 წლის ოთარ თანზილოვი ქვემსუბუქი წონის (65,8 კგ) დივიზიონში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი შეინ კოლინსი იქნება. ქართველ მებრძოლს პროფესიონალურ კარიერაში 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 10 გამარჯვებით დასრულდა, მათ შორის შვიდი ნოკაუტით.
აღსანიშნავია, რომ თანზილოვი კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში 61-კილოგრამიან დივიზიონში გამოდიოდა. თუმცა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოკლე ვადაში ჩაინიშნა, რის გამოც მან ერთით მაღალ წონით კატეგორიაში ასპარეზობა გადაწყვიტა.
რაც შეეხება ლევან ჩოხელს, 29 წლის ქართველი ქვესაშუალო წონის (77 კგ) დივიზიონში იბრძოლებს. მისი პირველი მეტოქე UFC-ში სომეხი ლეონ შაჰბაზიანი იქნება.
ჩოხელს პროფესიონალურ MMA-ში 17 ბრძოლიდან 14 გამარჯვება აქვს, რომელთაგან 11 ნოკაუტით მოიპოვა. UFC-მდე ის წარმატებით ასპარეზობდა Bellator-ში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ორგანიზაციად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ჩოხელისა და თანზილოვის დებიუტის შემდეგ UFC-ში ქართველი მებრძოლების რაოდენობა შვიდამდე გაიზრდება. ამჟამად ორგანიზაციაში ასევე ირიცხებიან ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე და რომან დოლიძე.