ზედიზედ მესამე საჩემპიონი ტიტული - გოჩოლეიშვილი უკრაინის შემდეგ დანიის ჩემპიონი გახდა
უკანასკნელი სამი წელიწადია გიორგი გოჩოლეიშვილი საკლუბო სეზონს ტიტულით ასრულებს - თუ საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა 2022-2023 და 2023-2024 წლებში „შახტართან“ ერთად უკრაინის ჩემპიონობა იზეიმა, ამჯერად „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში დანიის სუპერლიგის ოქროს მედლები მოიპოვა.
სუპერლიგის ბოლო ტურის წინ დედაქალაქის კლუბი მხოლოდ საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული - თუ შინაურ კედლებში „ნორდსიელანდს“ დაამარცხებდა, პირველობაში ვეღარავინ შეეცილებოდა. „კოპენჰაგენმა“ გეგმა დამაჯერებლად შეასრულა, ელიას აშურის, ჯორდან ლარსონისა და კევინ დიკსის გოლებით 3:0 გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მეთექვსმეტედ მოიპოვა, რითაც ყველა დროის რეკორდსმენია. გიორგი გოჩოლეიშვილი განაცხადში არ ყოფილა, მთლიანობაში კი წლევანდელი ჩემპიონატი 1 გოლითა და 4 საგოლე პასით დაასრულა.
ცნობისათვის, გარდა იმისა, რომ დანიის 16-გზის ჩემპიონია, „კოპენჰაგენს“ 9-ჯერ ქვეყნის თასი, ერთხელ ლიგის თასი და 3-ჯერ სუპერ თასი აქვს მოგებული.