ფიფაში გაასაჩივრა და მოიგო | არაბიძე ულსანისგან $2,8 მილიონს მიიღებს
გიორგი არაბიძემ, რომელიც გასული წლის ზაფხულში „ულსან ჰიუნდაის“ შეუერთდა, სამხრეთკორეულ კლუბს ფიფაში საქმე მოუგო - კომპენსაციის სახით ქართველი ფეხბურთელი 2,8 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ სამხრეთკორეული პრესა იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა არაბიძეს კონტრაქტი ცალმხრივად გაუწყვიტა, რის შემდეგაც 27 წლის ფეხბურთელი საქართველოში დაბრუნდა და „ულსანის“ ქმედებები ფიფაში გაასაჩივრა და კლუბი კონტრაქტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.
არაბიძეს „ულსანთან“ კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე აკავშირებდა, ამიტომ, გამოცემა Sports Seoul-ის ინფორმაციით, ფიფამ კლუბს დაავალა, ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე ხელფასის სახით გათვალისწინებული მთელი თანხა გადაუხადოს, რაც დაახლოებით 2,8 მილიონ დოლარს შეადგენს.
სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, „ულსანი“ აპირებს, ფიფას გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრობს.
ცნობისთვის, არაბიძემ „ულსანის“ მაისურით მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლით გამოიჩინა თავი.