„ალეგრის ეს ფეხბურთელი აუცილებლად დასჭირდება“ - კაპელოს რჩევა მილანს
ახალი სეზონის დაწყებას „მილანი“ სერიოზული სიახლეებით ხვდება - გარდა იმისა, რომ კლუბს სათავეში სერჟიო კონსეისაუს ნაცვლად მასიმილიანო ალეგრი ჩაუდგა, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის, ლუკა მოდრიჩის სახით როსონერიმ ნახევარდაცვაში სერიოზული ფიგურა დაიმატა. თუმცა, შავ-წითლების ყოფილი დამრიგებელი და ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო თვლის, რომ უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად ყოველივე ეს საკმარისი ვერ იქნება.
ფაბიო კაპელო
გუნდში სანტიაგო ხიმენესის სახით ერთადერთი ფორვარდია, რომელმაც პირადად მე „მილანში“ გატარებული თავისი სადებიუტო ექვსი თვით, სერიოზული ეჭვები გამიჩინა. რა თქმა უნდა, იყო მატჩები, სადაც კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს არ ასახავს იმას, რა თანხაც მის სანაცვლოდ გადაიხადეს და რასაც მისგან ელიან.
ვფიქრობ, კონკურენციის გაზრდისთვის და გუნდისთვისაც კარგი იქნება, თუ როსონერი დუშან ვლაჰოვიჩს დაიმატებს, რომელმაც ჯერ კიდევ „ფიორენტინაში“ ასპარეზობისას დაამტკიცა, რომ სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანა შეუძლია - ასეთი შესაძლებლობების ფორვარდი კი მასიმილიანო ალეგრის აუცილებლად დასჭირდება.
ცნობისათვის, ფაბიო კაპელო „მილანს“ 90-იანი წლების დასაწყისში წვრთნიდა და მისი მუშაობის პერიოდში ლომბარდიულმა გრანდმა 4-ჯერ სკუდეტო, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.