ისაკის ტრანსფერი ჩიხშია - ლივერპული ბრედლი ბარკოლას უმიზნებს
ლივერპული შეტევის გაძლიერების მცდელობას აგრძელებს. როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრ ისაკის ტრანსფერი ჩიხში შევიდა და მერსისაიდული გრანდი ბრედლი ბარკოლაზე გადაერთო.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის ცნობით, არნე სლოტი ბარკოლას ისაკის ალტერნატივად მიიჩნევს და ხელმძღვანელობას ტრანსფერზე მუშაობის დაწყება სთხოვა.
ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება, რადგან ბრედლის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით, 70 მილიონი ევროა, თუმცა სავარაუდოა, რომ ფრანგული გიგანტი მასში უფრო მეტ თანხას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ერთდროულად ორი შემტევი დაკარგა. დიოგუ ჟოტა(ტრაგიკულად დაიღუპა) და დარვინ ნუნიესი, რომელიც ალ ჰილალში გადავიდა.
აქედან გამომდინარე, არნე სლოტი ჩქარობს, რადგან პრემიერ ლიგა საკმაოდ მალე იწყება. რაც შეეხება ბარკოლას, მას პარი სენ ჟერმენთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ, 22 წლის გარემარბის სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად შემცირდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ეს შესაძლოა გახდეს მიზეზი, რის გამოც ბარკოლა ფრანგულ გუნდს დატოვებს.