გოჩოლეიშვილი ბუნდესლიგაში | შახტარმა ქართველი ფეხბურთელი გაანათხოვრა
გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარს“ ტოვებს. ქართველი ფეხბურთელი გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშებს და უმაღლეს დივიზიონში ახლახან დაწინაურებული „ჰამბურგის“ ღირსებას დაიცავს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად გერმანულ წყაროებში გავრცელდა, შემდეგ კი Geo Team-მა დაადასტურა.
გოჩოლეიშვილი ჰამბურგში საკუთარ აგენტთან, ირაკლი ლილუაშვილთან ერთად მიემგზავრება. ქართველი ფეხბურთელი კლუბთან სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და ხელშეკრულებას გააფორმებს. „ჰამბურგი“ მას 1 წლით, იჯარის წესით გადაიყვანს და კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ამ მომენტისთვის, გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია. Transfermarkt-ზე გოჩოლეიშვილის საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა და ბოლოს გიორგი „კოპენჰაგენში“ ასპარეზობდა, რომელთანაც ასევე საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა და დანიელებმა მისი კონტრაქტი არ გამოისყიდეს.
ცნობისთვის, 9 აგვისტოს, „ჰამბურგი“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და „მალიორკას“ დაუპირისპირდება. „როტოზენი“ ახალ სეზონს გერმანიის თასის მატჩით იწყებს და 16 აგვისტოს „პირმასენსს“ შეხვდება.