წიტაიშვილი და მეცი | ბოლო ინფორმაცია ქართველ ფეხბურთელზე
გიორგი წიტაიშვილი თავისუფალი აგენტია და ცოტა ხნის წინ ფრანგულმა გამოცემამ, republicain-lorrain-მა ის „მეცს“ დაუკავშირა. დაიწერა, რომ კლუბის ხელმძღვანელები ქართველ ფეხბურთელთან კონტაქტზე გავიდნენ და შეთავაზება გაუკეთეს.
„მეცთან“ დაახლოებული წყაროს, CultureGrenat-ის ინფორმაციით, ძალიან მცირე შანსია, „წიტასთან“ შეთანხმება შედგეს. როგორც CultureGrenat აცხადებს, 99-პროცენტიანი ალბათობაა იმისა, რომ წიტაიშვილი „მეცში“ არ დაბრუნდება. თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბში არ ითამაშებს.
წიტაიშვილს „დინამო კიევთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონი „მეცში“ გაატარა და საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
წიტაიშვილს მსურველები ესპანეთიდან ჰყავს და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში შეთავაზებაც მიიღოს. Transfermartk-ზე მისი საბაზრო ღირებულება 3 მილიონი ევროა.