სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა | ეგოიანის აღიარება ნიდერლანდებში
ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა გამოცემამ, VoetbalPrimeur-მა ერედივიზიეს პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ტოპ 11-ში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელიც მოხვდა და VoetbalPrimeur-მა ირაკლი იეგოიანი გამოარჩია.
„გოლითა და საგოლე გადაცემით, ის ამ უქმეებზე „ექსელსიორის“ კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. მან თავი პირველად მეჩვიდმეტე წუთზე გამოიჩინა, გატანილი გოლის შემდეგ კი უკეთესად ათამაშდა. „კამბურის“ მარცხენა ფლანგს იეგოიანის გამო უდიდესი პრობლემები შეექმნა. ირაკლი ჩაწოდებას ჩაწოდებაზე აკეთებდა და თავისუფალ ზონებში შესვლას ცდილობდა“, — წერს VoetbalPrimeur-ი.

ტურის სიმბოლურ ნაკრებში „ექსელსიორის“ კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდა. იეგოიანის გარდა, სიმონ იანსენი და ნოა ნაუიოკსი გამოარჩიეს. იანსენმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ნაუიოკსმა დუბლი გაიფორმა.
ცნობისთვის, „ექსელსიორი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და მომდევნო ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, პსვ-ს დაუპირისპირდება. მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.