“აქ ყოფნით და ახალი გუნდით ბედნიერი ვარ“ - გოგლიჩიძის პირველი კომენტარი
როგორც მოგეხსენებათ, საბა გოგლიჩიძე კარიერას უდინეზეს გააგრძელებს. ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთა.
გოგლიჩიძე:
„მოგესალმებით, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ჩემი ახალი გუნდით. უდინეზეს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა და ქართული დროშა.“
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა უდინეზესთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 650 000 ევრო იქნება, ხოლო ემპოლიმ მის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.
ცნობისთვის, გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა და გასულ სეზონში ტოსკანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.
საბა რამდენიმე იტალიურ კლუბს დაუკავშირეს. ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად „სასუოლოსა“ და „კალიარიზე“ იწერებოდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა „უდინეზე“ აირჩია. გასულ სეზონში „შავ-თეთრებმა“ სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიცია დაიკავეს და გუნდის თავკაცი გერმანელი კოსტა რუნიაიჩია.