ლებრონი თუ ჯორდანი - ჯონ სტოკტონმა არჩევანი გააკეთა
„იუტა ჯაზის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა, ჯონ სტოკტონმა თქვა, ვის მიიჩნევს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად - ლებრონ ჯეიმსს თუ მაიკლ ჯორდანს.
„მე მომწონს, როდესაც მოთამაშე ძალას იკრებს და ამბობს - „მეტი ვარჯიში გვმართებს, უკეთესად და უფრო ხისტად უნდა ვითამაშოთ. პარკეტზე უფრო ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ“.
არ მომწონს, როცა მოთამაშე არჩევს, სად დახვდება უფრო კარგი პირობები ჩემპიონატის მოსაგებად და გუნდებს ამის მიხედვით იცვლის. ეს ჩემპიონის ტიტულს აუფასურებს. იმის ნაცვლად, რომ მთა დალაშქრო, შენ მწვერვალზე ვერტმფრენით ადიხარ“.
შეგახსენებთ, რომ სტოკტონი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად ითვლება. მან მთელი კარიერა (19 სეზონი) „იუტა ჯაზში“ გაატარა და „ჯაზმენებმა“ მის პატივსაცემად 12-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღეს.
სტოკტონი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (1992, 1996). მას ეკუთვნის NBA-ის დაგროვებული ასისტებისა (15,806) და ჩაჭრების (3,265) რეკორდები.