ძველი სინერი პაუზის მიუხედავად - იტალიელს ისტორიაში შესვლა სურს
დოპინგსკანდალის გამო რამდენიმეთვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ კორტზე დაბრუნებული იანიკ სინერი ძველებურად შთამბეჭდავად გამოიყურება და უთამაშებლობა ოდნავადაც არ ეტყობა. 23 წლის იტალიელი ჩოგბურთელი თანამემამულეების წინაშე არაჩვეულებრივად ასპარეზობს და რომის მასტერსის მეოთხედფინალში ნორვეგიელი კასპერ რუუდი მარტივად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ორ სეტში, 6:0, 6:1 დაამარცხა.
სასჯელის ამოწურვის შემდეგ სინერისთვის ეს პირველი შეჯიბრებაა და დისკვალიფიკაციამდე არსებულ სტატისტიკასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო - ბოლოს იანიკის დამარცხება 2024 წლის ოქტომბერში კარლოს ალკარასმა მოახერხა. რაც შეეხება რუუდთან დაპირისპირებას, პირველი სეტი აპენინელმა ისე მოიგო, რომ მეტოქეს ერთ გეიმში გამარჯვების საშუალებაც არ მისცა, რას მის კარიერაში მეთვრამეტედ მოხდა. გარდა ამისა, სინერს კიდევ ერთი მიღწევითაც შეუძლია იამაყოს - მას ტოპ-ათეულის წარმომადგენლებთან ზედიზედ 24 სეტი აქვს მოგებული და ერთპიროვნულ რეკორდსმენს ჯონ მაკინროის (28) მცირედით ჩამორჩება.
ცნობისათვის, ბოლოს იტალიელმა რომის მასტერსის მოგება შორეულ 1976 წელს მოახერხა - ამის გაკეთება 49 წლის წინ ადრიანო პანატამ მოახერხა.