მინესოტა კონფერენციის ფინალშია | ბოსტონმა სერიაში სხვაობა შეამცირა
სტეფ კარის გარეშე დარჩენილი „გოლდენ სტეიტი“ NBA-ის პლეიოფს გამოეთიშა - „მინესოტამ“ 121:110 იმარჯვა, სერია 4:1 მოიგო და ზედიზედ მეორედ დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.
მატჩი „ტიმბერვულვზის“ უპირატესობით წარიმართა, „უორიორსმა“ მხოლოდ ბოლო მეოთხედი მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 29 ქულით, 8 მოხსნითა და 5 ასისტით „მინესოტას“ ფორვარდი ჯულიუს რენდლი გახდა. მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა „გოლდენ სტეიტის“ მცველი ბრენდინ პოძიემსკი (28 ქულა, 6 მოხსნა, 4 ასისტით).
კონფერენციის ფინალში „მინესოტას“ მეტოქე „ოკლაჰომასა“ და „დენვერს“ შორის გამარჯვებული იქნება. ამჟამად წინ „თანდერსია“ (3:2) - სერიის მეექვსე მატჩი დენვერში 16 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
პარალელურად, „ბოსტონ სელტიკსმა“ „ნიუ იორკ ნიქსი“ დაამარცხა (127:102) და სერიაში სხვაობა შეამცირა (2:3). დერიკ უაითის (33 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი) და ჯეილენ ბრაუნის (26 ქულა, 8 მოხსნა, 12 ასისტი) შედეგიანმა თამაშმა „მწვანეებს“ შანსები შეუნარჩუნა.
სერიის მეექვსე დაპირისპირება 17 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე ნიუ-იორკში გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლის შემთხვევაში „სელტიკსის“/„ნიქსის“ მეტოქე „ინდიანა პეისერსი“ იქნება.