„დემბელე და კვარაცხელია განსაკუთრებულად ფანტასტიკურები არიან“ - პსჟ-ის ყოფილი ფეხბურთელი
პსჟ-სა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვალდომ Sportitalia-სთან ინტერვიუს დროს ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენისა და „ინტერის“ ფინალზე ისაუბრა და თავისი მოლოდინები დააფიქსირა.
რას ამბობს ვალდო:
„ცხადია, იმედი მაქვს, რომ პსჟ მოიგებს. ვფიქრობ, გამარჯვებას იმსახურებენ იმ ყველაფრის გამო, რაც უკვე გააკეთეს - მოიგეს ლიგა 1, გავიდნენ საფრანგეთის თასის ფინალში და შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებენ. თუმცა, ისინი ისეთ გუნდს დაუპირისპირდებიან, რომლის დამარცხებაც ძალიან რთულია. ძალიან მომწონს ბარელას თამაში, ისევე როგორც ლაუტაროსი და მარკუს ტურამის, ისინი ძალიან საშიშები არიან. დღეს პსჟ მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ არის დამოკიდებული, მაგალითად როგორც იყო წარსულში მბაპეს, ნეიმარის ან მესის შემთხვევაში. ბევრი ფეხბურთელი ქმნის განსხვავებას - დაწყებული დონარუმათი, დამთავრებული დემბელეთი, კვარაცხელიათი, დუეთი, ბარკოლათი და ჟოაო ნევეშით. განსაკუთრებით ფანტასტიკური დემბელე და კვარაცხელიაა“.
ცნობისთვის, ვალდო პსჟ-ის ღირსებას 1991-1995 წლებში იცავდა და პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 115 შეხვედრაში 10 გოლიც გაიტანა. ვეტერანი ფეხბურთელი 1987-1995 წლებში ბრაზილიის ნაკრებშიც თამაშობდა და „სელესაოში“ 45 მატჩის ჩატარებაც მოახერხა, სადაც 4 გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სა და „ინტერის“ ფინალური მატჩი 31 მაისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.