საფრანგეთის ჩემპიონს პლეიოფი გამოავლენს? | ლიგა 1-ის ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს
საფრანგეთის ჩემპიონის გამოვლენის წესი შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ L’Equipe-ი წერს.
კერძოდ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის (FFF) პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ წარმოადგინა რამდენიმე რეფორმა, რომლებზეც უახლოეს მომავალში იმსჯელებენ.
შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი, რომელთაგან ერთი ლიგა 1-ის პროდუქტის გაუმჯობესებაზეა პასუხისმგებელი და მას „ტულუზას“ პრეზიდენტი დამიენ კომოლი ხელმძღვანელობს. ამ სამუშაო ჯგუფის ინიციატივის თანახმად, საფრანგეთის ჩემპიონატის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს პლეიოფი, რომელშიც 4 საუკეთესო გუნდი ითამაშებს.
პლეიოფის მინიტურნირი ორი ნახევარფინალისგან და ფინალისგან შედგება, გამარჯვებული კი საფრანგეთის ჩემპიონად გამოცხადდება. ასეთი ფორმატი უკვე გამოიყენება საფრანგეთის ქალთა ლიგაში.
გამოცემა L’Equipe-ის ცნობით, ლიგა 1-ის რამდენიმე კლუბი ამ წინადადებას პოზიტიურად შეხვდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია პსჟ-ის და სხვა დიდი კლუბების პოზიცია, რომლებსაც გადატვირთული კალენდარი აქვთ.