„დაძინებას ვერ ვახერხებ“ - მიტჩელი კლივლენდის მარცხით იმედგაცრუებულია
„კლივლენდმა“ NBA-ს წლევანდელი სეზონის რეგულარული ეტაპი იმდენად მაღალ დონეზე ჩაატარა, რომ როგორც სპეციალისტები, ასევე ვეტერანი კალათბურთელები ამ გუნდს ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევდნენ, თუმცა „კავალიერსმა“ გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა და აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში „ინდიანასთან“ 1:4 დამარცხდა. „კავზის“ რიგებში თუ ვინმე გამოირჩეოდა, ეს უპირველეს ყოვლისა დონოვან მიტჩელზე ითქმის, რომელიც საჩემპიონო მარათონიდან ნაადრევად გამოთიშვის გამო უზომოდ იმედგაცრუებულია.
რას ამბობს მიტჩელი
უკვე ძალიან დიდი ხანია „ინდიანასთან“ ნახევარფინალური სერიის მეხუთე მატჩი დასრულდა, მაგრამ დაძინებას მაინც ვერ ვახერხებ. ამ შეხვედრას თავიდან ბოლომდე უკვე სამჯერ ვუყურე და ვფიქრობ, თუ სად დავუშვით შეცდომები, მაგრამ სათანადო დასკვნები ჯერჯერობით ვერ გამომაქვს. პირადად მე, ისევე როგორც ყველა პაექრობაში, ამ თამაშშიც ყველაფერი გავაკეთე საიმისოდ, რომ „კლივლენდს“ მოეგო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი დასახული მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.
დონოვან მიტჩელი მართალია, როდესაც ამბობს, რომ „კავალიერსის“ გასამარჯვებლად მაქსიმუმი გაიღო, რადგან „პეისერსთან“ სერიის მეხუთე თამაშში პარკეტზე გატარებულ 38 წუთში მის ანგარიშზე 35 ქულა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 1 ასისტი და 1 დაფარება გახლდათ.