„კვარას მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი
La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ანტონიო ჯორდანო გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თუ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდება, კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონის მედალს.
ანტონიო ჯორდანო:
„თუ „ნაპოლი“ კიდევ ერთ სკუდეტოს მოიგებს, არასწორი იქნება ისე მოქცევა, თითქოს ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის კვარაცხელიას. მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა“.
წესების თანახმად, სერია ა-ს ჩემპიონი ავტომატურად ხდება ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონობის მომენტისთვის გუნდის განაცხადში იქნება. კვარაცხელია მათ რიცხვს არ ეკუთვნის, შესაბამისად, გამოცხადდება თუ არა ხვიჩა იტალიის ჩემპიონად „ნაპოლის“ გამარჯვების შემთხვევაში, ეს კლუბის გადასაწყვეტი იქნება.
სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, „ნაპოლი“ „პარმას“ ესტუმრება, ბოლო ტურში კი „კალიარის“ უმასპინძლებს. „პარტენოპეის“ უშუალო კონკურენტის, „ინტერის“ კალენდარი, რომელიც 1 ქულით ჩამორჩება, ასეთია: „ლაციო“ (შინ), „კომო“ (გასვლა).