ბითაძე ორლანდოს დატოვებს? | „მისი ყოლა მეჯიქისთვის ფუფუნებაა“
გამოცემა Orlando Magic Daily ასახელებს 5 კალათბურთელს, რომლებიც, მისი პროგნოზით, მომდევნო სეზონში ფლორიდულ გუნდს დატოვებენ, და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძეა.
რას წერს გამოცემა:
„ბითაძის ყოლა „მეჯიქისთვის“ ფუფუნებაა. მან სეზონი მესამე ცენტრად დაიწყო, მაგრამ ტრავმების გამო 42-ჯერ ითამაშა ძირითადში, სადაც საშუალოდ 24.9 წუთში 9.1 ქულა, 8.4 მოხსნა, 2.3 ასისტი და 1.8 დაფარება დააგროვა. სათადარიგოს როლში ბითაძემ საშუალოდ 13.7 წუთი ითამაშა, პლეიოფში კი მას მხოლოდ 11 წუთი ერგო. იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო სეზონში 25 წლის კალათბურთელმა 8.3 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს, ყველაფერი მისი ტრანსფერისკენ მიდის.
ქართველი ცენტრით უკვე დაინტერესდა რამდენიმე გუნდი, მათ შორის „ლეიკერსიც“. „ორლანდოსთვის“ მისი გაცვლა პრობლემა არ იქნება. თუ მათ სათადარიგო ცენტრი სჭირდებათ, მინიმალურ ხელფასზე ვეტერანი კალათბურთელის დამატება შეუძლიათ.
ბითაძე დაუფასებელი კალათბურთელია, რომელიც პარკეტზე უფრო დიდ როლს იმსახურებს. ორლანდოში ეს არ მოხდება, ამიტომ ტრანსფერი ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება“.
გოგა ბითაძეს „მეჯიქთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში „ორლანდომ“ რეგულარული ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა, პლეიოფში კი „ბოსტონთან“ 1:4 დამარცხდა.