მამუკელაშვილს 9 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა | ტორონტომ ნიქსთან წააგო
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. „შარლოტ ჰორნეთსის“ შემდეგ კანადელები „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდნენ და სტუმრად გამართულ შეხვედრაში დიდი ანგარიშით დამარცხდნენ - 94:116.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 27 წუთი და 3 წამი გაატარა. სანდროს მონაგარი ასეთი იყო: 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება. „მამუმ“ „ნიქსის“ ფარისკენ 9-ჯერ ისროლა; 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, 3 სამქულიანი კი გააფუჭა. ქართველ ცენტრს 4-დან 3 ჩაგდებული საჯარიმოც ჰქონდა.
ნიუ იორკელთა რიგებში საუკეთესო კარლ-ენტონი თაუნსი იყო, რომელმაც 22 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯოშ ჰარტმა 20 ქულა, 12 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ჯეილენ ბრანსონმა 18 ქულას მოუყარა თავი. „ტორონტოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 19 ქულა იმანუელ ქუიკლიმ ჩააგდო. სკოტი ბარნსმა და ბრენდონ ინგრემმა 18 და 14 ქულა გააკეთეს.
„ტორონტოს“ ანგარიშზე 14 მოგება და 7 წაგებაა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს. „რეპტორსის“ მომდევნო მეტოქე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსია“, რომელსაც 3 დეკემბერს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.