ვენგერმა მუნდიალის სუპერფავორიტი დაასახელა - „ყველაზე მეტი ტოპ-შემტევი ჰყავთ“
ლონდონის „არსენალის“ ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად საფრანგეთს მიიჩნევს. ვენგერმა, რომელიც ამჟამად ფიფას გლობალური განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, მუნდიალთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ვაშინგტონში ყოფნისას ისაუბრა, სადაც დღეს ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.
„მართალი გითხრათ, ევროპულ ქვეყნებს შორის სუპერფავორიტად საფრანგეთს მივიჩნევ. ამას ერთი მიზეზი აქვს - საფრანგეთს ყველაზე მეტი ტოპ-შემტევი ჰყავს. როდესაც პლეიოფი დაიწყება, სკამზე ასეთი ხარისხიანი ფეხბურთელების ყოლა დიდი პლიუსი იქნება. საფრანგეთი ბოლო ორ მუნდიალზე ფინალში გავიდა, ასე რომ, ფეხბურთელებმა ახლაც იციან, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ.
ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. ისინი ყოველთვის ახლოს არიან - ნახევარფინალი, მეოთხედფინალი, ფინალი. მომდევნო ნაბიჯი უნდა გადადგან და ამისათვის საჭირო ხარისხი ნამდვილად აქვთ“.
ცნობისთვის, არგენტინა, ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისი წილისყრაზე განთესილი გუნდები იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი თავიანთ ჯგუფებში პირველ ადგილზე გავლენ, მათი გზები ნახევარფინალამდე არ გადაიკვეთება.