ფედერაციამ იბერია დასაჯა | კლუბმა განცხადება გაავრცელა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის დასკვნითი ტურის მატჩი „იბერიასა’’ და „გაგრას’’ შორის უმაყურებლოდ ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით, თბილისურმა კლუბმა განცხადება გაავრცელა:
„გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 6 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის უმნიშვნელოვანესი, საჩემპიონო მატჩი, სამწუხაროდ, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. აღნიშნული ფაქტის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია გვეცნობა სფფ-სგან 3 დეკემბერს. რადგან ძალიან მცირე დრო რჩება ფინალამდე, ჩვენი ხელმძღვანელების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით, სეზონის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ''.
35 ტურის შემდეგ „იბერია’’ და „დილა’’ 77-77 ქულით ჩემპიონატის ლიდერები არიან, მაგრამ თბილისურ კლუბს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს და თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება. სეზონის დასკვნით ტურში „იბერია’’ „მესხზე’’ „გაგრას’’ მიიღებს, „დილა’’ „თენგიზ ბურჯანაძეზე’’ თბილისის „დინამოს’’. ორივე მატჩი 6 დეკემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: „იბერიას'' პრესსამსახური