ვირტუსს შენგელიას შენარჩუნება სურს | რას ამბობს თოკოს აგენტი
„ვირტუსის“ გენერალურმა დირექტორმა, პაოლო რონჩიმ თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქართველი კალათბურთელი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.
„მინდა ვისაუბრო პოზიტივზე, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, შენგელიას ყოველდღე ვხედავთ, სეზონის განმავლობაში არაერთხელ გვისაუბრია მის აგენტთან. არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ჩვენ შორის კონტაქტი არაა.
შენგელია მნიშვნელოვანი კალათბურთელია, მან იცის „ვირტუსის“ ისტორია და ის, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ეს ნორმალურია, რომ მისით დიდი კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ შენგელიას შენარჩუნება ჩვენც გვსურს და აბსურდული იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ახალ კონტრაქტს არ შევთავაზებდით“.
მანამდე შენგელიას ერთ-ერთი აგენტი დავიდ კარო ფუნესი გამოეხმაურა Corriere dello Sport-ის სტატიას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ვირტუსმა“ თოკოს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა. აგენტის თქმით, „ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან „ვირტუსს“ თორნიკეს შენარჩუნება სურს“.
ცნობისთვის, ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მომავალი სეზონიდან „ბარსელონას“ ღირსებას დაიცავს. მეტიც, გამოცემის ინფორმაციით, შენგელიამ „ბლაუგრანასთვის“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, კონტრაქტს კი 2+1 სქემით გააფორმებს.