მოურინიო პორტუგალიის ნაკრებში - მარტინესს დრო ივნისამდე აქვს
ჟოზე მოურინიო შესაძლოა თავისი მშობლიური ქვეყნის, პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს - ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულ თურქულ ვებ-გვერდზე, HTSpor.com-ზე გავრცელდა, სადაც წერია, რომ 62 წლის გამოცდილმა სპეციალისტმა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და მისი სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია.
ყველაფერს ივნისში გასამართი უეფას ერთა ლიგის პლეი ოფი გადაწყვეტს, რომლის ნახევარფინალშიც პორტუგალიელების მეტოქე გერმანიის ეროვნული გუნდი იქნება და თუ რობერტო მარტინესის მომზადებულმა ლუზიტანებმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს, მაშინ ესპანელის სპეციალისტის განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში სრული სერიოზულობით დადგება. მარტინესის მწვრთნელობის პერიოდში პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა 28 მატჩიდან 21 მოიგო, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს კი მეოთხედფინალში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.
რაც შეეხება მოურინიოს, თითქმის გარკვეულია ის ამბავი, რომ მისი მომზადებული „ფენერბაჰჩე“ წლევანდელ სეზონს უტიტულოდ დაასრულებს, რადგან თურქეთის სუპერლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სატურნირო ცხრილის ლიდერ „გალათასარაის“ 8 ქულით ჩამორჩება.