მახაჩევის მენეჯერი თოფურია-ოლივეირაზე | „ყველამ იცის, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი“
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა განმარტა დაღესტნელი მებრძოლის გადაწყვეტილება, ვაკანტური გახადოს ჩემპიონის ტიტული და ქვესაშუალო წონაში ავიდეს.
„ბელალ მუჰამედს რომ მოეგო, ისლამი მას არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბებოდა და დარჩებოდა მსუბუქ წონაში. ისლამმა ამ წონაში ყველას მოუგო: დენ ჰუკერს, არმან ცარუკიანს, ჩარლზ ოლივეირას... მას ზედიზედ 15 მოგება აქვს, ბოლო 10 ოპონენტიდან 9 დააფინიშა. ორი წონის ჩემპიონობას ისლამზე მეტად არავინ იმსახურებდა, მაგრამ ეს არ მოხდა, იმიტომ რომ ბელალ მუჰამედი იყო ჩემპიონი.
ახლა ვერც ერთ წონაში ვერ ნახავთ იმას, რასაც ისლამ მახაჩევი აკეთებს - ანადგურებს მებრძოლებს, წარმოუდგენელ შოუს დგამს, იგებს ნოკაუტებით, ილეთებით... ის ქვესაშუალო წონაში ბევრისთვის პრობლემად იქცევა. ყველა დაინახავს ფიზიკურად ძლიერ მახაჩევს, რომელიც არ იქნება დასუსტებული წონის კლების გამო.
ისლამი ორი წონის ჩემპიონი არ იქნება, მაგრამ ეს ტექნიკური ნიუანსია. კონორ მაკგრეგორი, დენიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი ერთდროულად ორი წონის ჩემპიონები იყვნენ, მაგრამ ბოლო თვეებში მებრძოლები, რომლებსაც მეორე ქამარი უნდოდათ, ჩემპიონის ტიტულს ვაკანტურს ხდიდნენ. ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას შეუძლიათ, ტიტულისთვის იჩხუბონ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამ წონის ნამდვილი ჩემპიონი ისლამია, იმიტომ რომ მას ქამარი არასოდეს წაუგია...
როდესაც ხაბიბმა კარიერა დაასრულა, ის მსუბუქი წონის ჩემპიონი და P4P მეფე იყო. ახლა ისლამია P4P მეფე და მას არასოდეს წაუგია სატიტულო ჩხუბი“.
ცნობისთვის, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა, ხოლო ვაკანტური ტიტულისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდებიან.