„ძალიან რთული მეტოქეა“ | ოლივეირას პირველი კომენტარი ილიასთან ჩხუბზე
ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს და UFC 317-ზე, „დუ ბრონქსს“ მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის დაუპირისპირდება. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მათი ჩხუბი ახლახან გამოაცხადა და ოლივეირამ პირველი კომენტარი გააკეთა.
პირველი რეაქცია ჩხუბის ჩანიშვნაზე
„ვვარჯიშობდი, როდესაც ყველამ ყვირილი დაიწყო. ვარჯიში დავასრულე, ტელეფონი ავიღე და გავიგე, რომ ილია თოფურიასთან უნდა ვიჩხუბო. მზად ვართ. ორთაბრძოლამდე 46 დღეა დარჩენილი და საჩემპიონო ქამარი დაბრუნდება იმ ადგილას, რომელიც არ უნდა დაეტოვებინა“.
არის თუ არა თოფურია მახაჩევზე ხელსაყრელი მეტოქე
„მოწინააღმდეგეზე არ ვარ ორიენტირებული. მთავარია ის, რის გაკეთება შემიძლია. საოცარი გუნდი მყავს, რომელიც თოფურიას ბოლომდე შეისწავლის და დამეხმარება. ვნახავთ, რომელი კომპონენტის გამოყენება შემეძლება, მაგრამ მთავარი ისაა, რას გავაკეთებ ოქტაგონზე. ჩემი გუნდი ყველაფრისთვის მზადაა. ილია ძალიან რთული მეტოქეა, მაგრამ ვიცი, ხელებში რა ძალა მაქვს და რა შემიძლია. პირობა მაქვს შესასრულებელი და საჩემპიონო ქამარს დავიბრუნებ“.
განსხვავება მახაჩევსა და თოფურიას შორის
„ვფიქრობ, მახაჩევი ოდნავ უფრო სრულყოფილი მებრძოლია. ისლამი პარტერში ბევრს მუშაობს და სტრაიკინგში ძალიან მოუმატა. სწორედ ამიტომაა ჩემპიონი და ვთვლი, რომ ის ოდნავ უფრო სრულყოფილი მებრძოლია. რეალობა ისაა, რომ ეს ჩხუბი იდეალურ დროს მივიღეთ და მთელი აქცენტი ჩემს თავზე უნდა გავაკეთო“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.