გახსენება - “1-სეზონიანი“ ფეხბურთელები, რომლებსაც უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ
საფეხბურთო სამყაროში ხშირად ყოფილან ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც 1 დაუვიწყარი სეზონი ჩაატარეს და შემდეგ მათი ვარსკვლავი ისეთი კაშკაშა აღარასდროს ყოფილა.
დღევანდელ სტატიაში რამდენიმე ასეთ ფეხბურთელს გაგახსენებთ. დავიწყოთ პაკო ალკასერით.
პაკო ალკასერი
ფეხბურთის აქტიურ გულშემატკივრებს, რა თქმა უნდა, ესპანელი თავდამსხმელი დღესაც ახსოვთ, მაგრამ შესაძლოა მისი სახელის წაკითხვისას გაჩნდეს კითხვა - ისევ თამაშობს, თუ არა ფეხბურთს?
დიახ, 31 წლის პაკო ისევ თამაშობს, თუმცა ახლა იჯარის წესით ემირატებშია. მისი გამორჩეული სეზონი 2018/2019 წლის გახლავთ. მაშინ დორტმუნდის ბორუსიას რიგებში ირიცხებოდა და მართლაც კარგად თამაშობდა.
აღნიშნულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. იმ პერიოდში ესპანეთის ნაკრებშიც კი იძახებდნენ, მაგრამ დორტმუნდი მალევე დატოვა და მისი ვარსკვლავიც გაუფერულდა.
2018/2019 წლების სეზონში, ალკასერმა ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში 18 გოლით მეორე ადგილი დაიკავა და რობერტ ლევანდოვსკის მხოლოდ 4 გოლით ჩამორჩა.
საიდო ბერაინიო
ჩვენი სტატიის შემდეგი გმირი საიდო ბერაინიო გახლავთ, რომელიც ამჟამად ტაბორ სეჟანას ღირსებას იცავს.
მისი გამორჩეული სეზონი 2013/2014 წელს იყო. ვესტ ბრმოვიჩის რიგებში მან ყველა ტურნირზე ერთად 36 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ფეხბურთის ყურება კი საკმაოდ სასიამოვნო იყო.
აღსანიშნავია, რომ ვესტ ბრომვიჩს კარგი სეზონი არ ჰქონდა და გავარდნას ძლივს გადაურჩა. სწორედ ბერაინიოს დამსახურებაა, რომ ვესტ ბრმოვიჩი პრემიერ ლიგაში დარჩა.
ლუკა იოვიჩი
ხო.. სერბი თავდამსხმელი ალბათ ყველას გახსოვთ, რომელიც მადრიდის რეალში 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2019 წელს გადაბარგდა.
ბლანკოსის ინტერესი 2018/2019 წლების სეზონმა გამოიწვია. იოვიჩი ფრანკფურტის აინტრახტში დაფრინავდა და თავისი გუნდი კინაღამ ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა.
ლუკას გუნდი დრამატულ 2-მატჩიან დუელში ნახევარფინალში ლონდონის ჩელსისთან დამარცხდა. 48 მატჩი, 27 გოლი და 7 საგოლე პასი - ასეთი იყო ბოსნიელის სტატისტიკა.
სამწუხაროდ, იოვიჩმა მადრიდის რეალში სრული კრახი განიცადა და ვერანაირი იმედი ვერ გაამართლა. მოგვიანებით ის იჯარის წესით კვლავ აინტრახტში დაბრუნდა, მაგრამ დიდი ფეხბურთი ვერც იქ ვეღარ ითამაშა. 27 წლის თავდამსხმელი დღეს მილანის ღირსებას იცავს და არც იქ ბრწყინავს.
ნიკოლას პეპე
2018/2019 წლების სეზონი ნიკოლას პეპესთვისაც გამორჩეული იყო. ლილში დიდებულად ითამაშა და ლონდონის არსენალის ინტერესი გამოიწვია. მეთოფეებმა ის 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს და 4-წლიანი მტანჯველი სეზონის შემდეგ, ჯერ ნიცაში იჯარის წესით გაუშვეს, შემდეგ კი ტრაბზონსპორში გაყიდეს.
2018/2019 წლების სეზონში, ფრანგმა გარემარბმა ყველა ტურნირზე ერთად 41 შეხვედრა ჩაატარა. გაიტანა 23 გოლი და 12 საგოლე პასი შეასრულა.
კრშიშტოფ პიონტეკი
გახსოვთ ერთი პერიოდი პაკეტა/პიონტეკის დუეტზე, რომ ხმამაღლა საუბრობდნენ? დიახ, ისინი იმ დროს მილანში თამაშობდნენ, მაგრამ სანამ პოლონელი თავდამსხმელი როსონერის შეუერთდებოდა, 2018/2019 წლების სეზონში, ჯენოაში ბრწყინვალედ თამაშობდა.
ჯენოას რიგებში 21 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. პიონტეკი მილანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
როსონერის რიგებში, სადებიუტო სეზონში 21 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა 2019/2020 წლების სეზონში პრობლემები დაიწყო. 20 მატჩში მხოლოდ 5 გოლი და კრშიშტოფი, ზუსტად 1 წლის შემდეგ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბერლინის ჰერტაში გაყიდეს. დღეს ისტანბულ ბაშაკშეჰირის ღირსებას იცავს.
ადელ ტაარაბტი
2010/2011 წლების სეზონის ქუინს პარკ რეინჯერსი აღმასვლას განიცდიდა. მათ ინგლისის ჩემპიონშიფი მოიგეს და პრემიერ ლიგაში აღზევდნენ. ამაში კი ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ადელმა შეიტანა.
წარმოიდგინეთ, 44 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. სამწუხაროდ, მან პრემიერ ლიგაში თავი დიდად ვერ წარმოადგინა.
სხვადასხვა დროს ბენფიკაში, მილანში და ჯენოაში თამაშობდა, თუმცა თავი ვერსად დაიმკვიდრა. მილანში თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ ისეთი კარგი აღარასდროს ყოფილა, როგორიც 2010/2011 წლებში. 2022 წელს ალ ნასრიში გადავიდა, ხოლო წელს შარაიაჰის ღირსებას იცავს.
დიეგო მილიტო
და ბოლოს მივადექით ინტერის ლეგენდას! შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს იმაში, რომ არგენტინელი 1-სეზონიანი იყო, რადგან სარაგოსაშიც კარგი კარიერა ჰქონდა, მაგრამ ის 1 სეზონი ინტერში დაუვიწყარია. ალბათ არავის დაავიწყდება..
2009/2010 წლების სეზონი, დიეგო მილიტო, ინტერი და ჟოზე მოურინიო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ის ცივსისხლიან თავდამსხმელად ჩამოაყალიბა და უამრავი უდიდესი მნიშვნელობის გოლი გაიტანა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსელონას წინააღმდეგ და ფინალში დუბლი ბაიერნთან.
დიეგო მილიტომ სერია ა-შიც გაიბრწყინა და 22 გოლით მე-2 საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პირველ პოზიციაზე ანტონიო დი ნატალე მოგვევლინა.
არგენტინელმა თავდამსხმელმა იმ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 30 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე კი თავი 6 გოლით დაგვამახსოვრა. ამ 6-დან კი 3 მართლაც ისტორიულია.
სამწუხაროდ მოურინიოს წასვლის შემდეგ, ინტერს კრიზისი დაეწყო და ნელ-ნელა მილიტომაც ხარისხი დააგდო. 2010/2011 წლების სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 8 გოლი გაიტანა. სერია ა-ში 5, ჩემპიონთა ლიგაზე ერთი, იტალიის თასზე 1 და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ერთი. მილიტომ ნერაძურის 2014 წლამდე უერთგულა და შემდეგ მშობლიურ რასინგში დაბრუნდა. ცნობისთვის, დიეგო მილიტო ახლა რასინგის პრეზიდენტი გახლავთ. კარიერა 2016 წელს დაასრულა.
კომენტარებში დაგვიწერეთ, ვინ გახსენდებათ კიდევ ასეთი 1-სეზონიანი ფეხბურთელები.. პ.ს. ვიცით, რომ ასეთი ბევრია..