შეიძლება არ გახსოვდეთ - ფეხბურთელები, რომლებიც ერთად თამაშობდნენ
არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ გუნდში უთამაშიათ, თუმცა ეს ბევრმა გულშემატკივარმა არ იცის.
დღევანდელ სტატიაში კი სწორედ ასეთ შემთხვევებზე მოგიყვებით.
რონალდინიო და არტეტა პსჟ-ში
ფეხბურთის გამოცდილ გულშემატკივარს ალბათ ემახსოვრება, მაგრამ დამწყებმა გულშემატკივრებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ რონალდინიო და მიკელ არტეტა ერთ დროს ერთად პარი სენ ჟერმენში თამაშობდნენ.
ლეგენდარული ბრაზილიელი ფრანგული გრანდის ღირსებას 2001/2003 წლებში იცავდა. არსენალის ამჟამინდელი დამრიგებელი კი 2001/2002 წლებში პსჟ-ში იჯარის წესით თამაშობდა.
ტოტი და გუარდიოლა რომაში
ალბათ ბევრისთვის ეს დუეტიც მოულოდნელია. ტოტიზე ბევრის დაწერას რა აზრი აქვს? ის ჯალოროსის ცოცხალი ლეგენდაა.
გუარდიოლა კი რომას ღირსებას მხოლოდ ერთი სეზონით, 2002/2003 წლებში იცავდა და ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
სონი და ნისტელროი ჰამბურგში
ალბათ ბევრის მეხსიერებაშია ის ფაქტი დალექილი, რომ ჰიუნგ მინ-სონი ტოტენჰემის გარდა არსად ახსოვთ. ნისტელროი კარიერის ბოლო წლებში ბევრს ემახსოვრება ჰამბურგში, მაგრამ სონი?
სონი 14 წლის ასაკში ჰამბურგის აკადემიაში ჩაირიცხა და იქ იზრდებოდა. პირველ გუნდში, 2010 წელს 16 წლის ასაკში გადაიყვანეს, სადაც 3 სეზონი გაატარა. ნისტელროი გერმანულ გუნდში სწორედ 2010 წელს გადავიდა და 1 სეზონი დაყო.
ედერსონი და ობლაკი რიუ ავეში
ედერსონი და ობლაკი საკუთარი გუნდის უცვლელი მეკარეები არიან. ორივე მათგანმა საფეხბურთო ისტორიაში დიდი კვალი დატოვა, მაგრამ ერთ დროს ისინი ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ.
სიტის კარის დარაჯი პორტუგალიურ გუნდში 2012/2015 წლებში თამაშობდა, ხოლო ობლაკი იჯარის წესით 2012/2013 წლებში. იანმა მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა რიუ ავეში.
კროოსი და ვიდალი ლევერკუზენში
ეს დუეტი წესით უფრო მეტს უნდა გახსოვდეთ. კროოსმა ლევერკუზენის ბაიერში იჯარის წესით 1 შესანიშნავი სეზონი გაატარა და სწორედ იმ დროს იქ არტურო ვიდალი თამაშობდა. ეს ყველაფერი 2009/2010 წლების სეზონში ხდებოდა. არტურო ვიდალს კარიერაში არაერთ კლუბში უთამაშია. ჩილელი ნახევარმცველი მოგვიანებით ბაიერნში გადავიდა, მაგრამ იქ კროოსი აღარ დახვდა.
კეინი და ვარდი ლესტერში
შეიძლება ესეც ბევრისთვის მოულოდნელობა იყო. ვარდი ლესტერის ლეგენდაა. ის გუნდში 2012 წელს მივიდა, ხოლო კეინი 2013 წელს იჯარის წესით გადავიდა, მაგრამ მისმა ტრანსფერმა არ გაამართლა.
ამჟამად ბაიერნის თავდამსხმელმა, ლესტერის შემადგენლობაში მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. 1 სეზონის შემდეგ, ჰარი ტოტენჰემში დაბრუნდა.
რაკიტიჩი და იოზილი შალკეში
ეს წყვილი რამდენს გახსოვთ? მესუთი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ჯერ შალკეს პირველ გუნდში დააწინაურეს, ხოლო შემდეგ ვერდერში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ რაკიტიჩს უფრო ხმაურიანი კარიერა ჰქონდა შალკეში, რადგან ის უფრო მომწიფებული ფეხბურთელი იყო. ეს ორი ერთად 2007/2008 წლებში თამაშობდა. ხორვატმა გერმანული კლუბი 2011 წელს დატოვა, ხოლო იოზილმა 2008-ში.
სიმეონე და მარადონა სევილიაში
დიეგო მარადონას დიდებულ კარიერაში სევილიაც შედის. აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონეც და დიეგო მარადონაც ანდალუსიურ კლუბში 1992 წელს მივიდნენ. ორივემ საკმაოდ ცოტა დრო გაატარა. მარადონამ სევილია 1 სეზონის შემდეგ დატოვა, სიმეონემ კი 2.
კომენტარებში დაგვიწერეთ, კიდევ რომელი ფეხბურთელები გახსენდებათ ერთ გუნდში, რომლებიც შეიძლება ბევრმა გულშემატკივარმა არ იცოდეს.