„მეტოქე მხოლოდ ტოპ-ხუთეულიდან“ - ცარუკიანმა ილიაც ახსენა
არმან ცარუკიანი UFC-ის მაყურებელს ოქტაგონში დიდი ხანია არ უნახავს - სომეხ მებრძოლს ამის კარგი შანსი იანვარში ჰქონდა, თუმცა ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, ზურგის ტრავმის მიზეზით, ისლამ მახაჩევთან მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო დაპირისპირებას ჩაეხსნა. ასეთი ამბავის გამო, ცარუკიანის მიმართ დენა უაითს თითქოს პატივისცემა გაუქრა, თუმცა არმანი მაინც იმედოვნებს, რომ მას მომდევნო ჩხუბს ძლიერ ოპონენტთან ჩაუნიშნავენ.
რას ამბობს ცარუკიანი
მე ტიტულისთვის ჩხუბი მსურს, ან უკიდურეს შემთხვევაში დაპირისპირება დივიზიონის ტოპ-ხუთელის რომელიმე წარმომადგენელთან. დიდი ხანია მოლოდინის რეჟიმში ვარ, თუმცა UFC-ის წარმომადგენლების კარგად მესმის, რადგან ისინიც მოვლენების განვითარებას ელოდებიან.
ბელალ მუჰამადისა და ჯეკ დელა მადალენას ჩხუბის შემდეგ გავიგებთ, რას აპირებს ისლამი. მისი გადაწყვეტილების შემდეგ კი, მსურს, ჩარლზ ოლივეირას, ჯასტინ გეიჯის, ილია თოფურიას, ან მახაჩევის წინააღმდეგ ვიბრძოლო. ვფიქრობ, ნებისმიერი მათგანის დამარცხება თუ არა, მათთვის ღირსეული წინაღმდეგობის გაწევა შემიძლია.
ისლამ მახაჩევმა უკვე განაცხადა, რომ ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი როგორც არ უნდა დასრულდეს, მსუბუქი წონის ქამარს ვაკანტურს არ გახდის, თუმცა ცარუკიანი მას ჯერჯერობით მაინც არ შეხვდება, რადგან როგორც უაითმა განაცხადა, სომეხ მებრძოლს სატიტულო ბრძოლის მიღებამდე მოცდა მოუწევს.