ქამარს ვაკანტურს არ გახდის | ისლამ მახაჩევის გეგმები
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. ისლამმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და მომდევნო მეტოქესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
„მოახლოებულ უქმეებზე გასამართი ღონისძიების მთავარი მოვლენის შედეგი გადაწყვეტს, ჩემი მომდევნო ნაბიჯი როგორი იქნება (ბელალ მუჰამედი ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება). თუმცა, ეს ჩხუბი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს ვაკანტურს არ გავხდი. ჩვენ შეგვიძლია, ამ წონაში ნამდვილი პრეტენდენტი მივიღოთ“.
მახაჩევის განცხადებიდან ჩანს, რომ მას სურს, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ერთდროულად იყოს. შესაბამისად, დელა მადალენას გამარჯვების შემთხვევაში, მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავა და მეორე საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება, რაც ნიშნავს, რომ ილია თოფურია მსუბუქი წონის ტიტულისთვის ვერ იჩხუბებს და ნომერ პირველ კონტენდერობას დასჯერდება. ბელალის გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ისლამი საკუთარ წონაში დარჩება.
მახაჩევს წარსულში რამდენჯერმე უთქვამს, რომ სურს, ერთდროულად ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი იყოს. თუმცა, UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი სხვა აზრზეა და თვლის, რომ მაღალ წონაში ასვლის შემთხვევაში, ქამარი ვაკანტური უნდა გახდეს.