ალმერიას თანამფლობელი ხდება - კრიშტიანუ ფუნქციონერის ამპლუაში
კრიშტიანუ რონალდუ 40 წლის ასაკშიც საკმაოდ შედეგიანად თამაშობს და საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. თუმცა, როგორც ჩანს, კარგად ხვდება, რომ შორს აღარ არის ის დროს, როდესაც აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწევს და მომავალზე ფიქრი უკვე დაწყებული აქვს. ამის ნათელი მაგალითი მისი სურვილია, რომ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბის „ალმერიას“ თანამფლობელი გახდეს.
ანდალუსიური კლუბის მფლობელი საუდის არაბეთის საინვესტიციო კომპანია SMC Group-ის ხელმძღვანელი მოჰამედ ალ-ჰერეიჯია, რომლის უშუალო ინიციატივითაც შედგა 2022 წელს ამ ქვეყნის კლუბში რონალდუს ტრანსფერი. აქედან გამომდინარე, კრიშტიანუს მასთან დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, რის გამოც ჰერეიჯი თვლის, რომ მენეჯმენტის საქმიანობაში პორტუგალიელის მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანის ჩართვა „ალმერიას“ უდიდეს წარმატებებს მოუტანს.
39 ტურში დაგროვებული 62 ქულით „ალმერია“ ამ ეტაპზე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და ლა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ ერთ-ერთი უშუალო კონკურენტია.