64 ნაკრები კარგი იდეაა - ინფანტინო 2030 წლის მუნდიალზე
2030 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსებიდან ზუსტად 100 წელი სრულდება და საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო იდეა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი კონმებოლის ზონის პრეზიდენტს ალეხანდრო დომინგესს ეკუთვნის, რომელმაც ფიფას ხელმძღვანელებს ერთჯერადად ამ ტურნირისთვის გუნდების რაოდენობის 64-მდე გაზრდა შესთავაზა, რათა ეს ზეიმი მსოფლიოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაიზიაროს.
დომინგესის წინადადება თავიდანვე არ მოეწონა უეფას ხელმძღვანელს ალექსანდრ ჩეფერინის, თუმცა მისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება აქვს ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობის უფლება ნებისმიერ იდეას აქვს და მას ძალიან მოსწონს მუნდიალის იუბილის ასეთი გზით გალამაზება, თუმცა რაღა თქმა უნდა, ინფანტინო ამ შემთხვევაში დამატებით შემოსავლებზე ფიქრობს და გუნდების რაოდენობის გაზრდით, მისთვის მთავარი მოტივაცია სატელევიზიო გაყიდვების უფლებებიდან მიღებული დივიდენდებია.
ცნობისათვის, 2030 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს სამი ქვეყანა, ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო უმასპინძლებს, თუმცა საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით ჯგუფური ეტაპის რამდენიმე მატჩი სიმბოლურად სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებშიც ჩატარდება.