ტრამპმა არ იცოდა, რომ მოკვეთილი იყო | ინფანტინო რუსეთის დაბრუნების მომხრეა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ფიფა-ს პირველმა პირმა, ჯანი ინფანტინომ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, საჯარო ღონისძიება გამართეს. ტრამპმა და ინფანტინომ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს და როგორც გაირკვა, აშშ-ის პირველმა პირმა არ იცოდა, რომ რუსეთს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აკრძალული აქვს.
„რუსეთს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში აკრძალული აქვს. რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე?“, - ჰკითხეს ტრამპს. „არ ვიცოდი, მართლა ასეა?“, - იკითხა პრეზიდენტმა და ინფანტინოს მიმართა, ვისგანაც დასტური მიიღო.
„დიახ, ასეა. ამ მომენტისთვის, რუსეთი საერთაშორისო ტურნირებს ჩამოშორებულია. იმედი გვაქვს, რაღაც მოხდება და უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს, რის შემდეგაც, რუსეთს დაუშვებენ. მთელ საფეხბურთო სამყაროს უნდა, რომ რუსეთი დაბრუნდეს“, - აღნიშნა ინფანტინომ.
ფიფა-ს პრეზიდენტის სიტყვების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთისთვის დაბრუნების უფლების მიცემა, კარგი ინიციატივა იყოს, რაც მშვიდობის დამყარებას ხელს შეუწყობს. ვინც არ იცით, რუსეთის ნაკრებები და კლუბები 2022 წლის თებერვალში, მას შემდეგ მოკვეთეს, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, მის ტერიტორიაზე შეიჭრა და ომი წამოიწყო.