ჭიაბრიშვილი: “ყოველი მომდევნო თამაში ფინალივით იქნება“
Crystalbet ეროვნული ლიგა დაიწყო, თუმცა ბათუმის დინამოს პირველი თამაში გადაიდო. აჭარული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.
ჭიაბრიშვილი:
„შეკრებაზე თამაშები ცუდად ჩავატარეთ. არც შედეგებით ვარ კმაყოფილი და არც ხარისხით. ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ, მაგრამ ფიზიკური კონდიციებით სასურველ მდგომარეობას ვუახლოვდებით.
მჯერა ამ გუნდის და ფეხბურთელების, რომლებიც ყოველდღიურად ვითარდებიან. ერთთვიან მოსამზადებელ შეკრებაზე ახალგაზრდების პროგრესი დავინახეთ. გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად, მათ შესწევთ ძალა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბონ.
ამ სეზონში ჩვენი გუნდისთვის ყოველი მომდევნო თამაში ფინალივით იქნება, ასეთი რეჟიმით უნდა ვიცხოვროთ – ყველაფერი ან არაფერი. მოედანზე უნდა გავიდეთ და თითოეული ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ“
ცნობისთვის, ბათუმის დინამო Crystalbet ეროვნული ლიგის პირველ ტურში გაგრას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 7 მარტით თარიღდება და 20:00-დან დაიწყება.