მძიმე ტრავმა დადასტურდა | როდრიგო მუნდიალს გამოტოვებს
მადრიდის რეალის ბრაზილიელი გარემარბი როდრიგო მუნდიალს გამოტოვებს. სამეფო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა და გარე მენისკის დაზიანება დაუდგინდა. მოთამაშემ დაზიანება ლა ლიგის 26-ე ტურში, ხეტაფესთან მატჩში მიიღო.
ესპანელი ჟურნალისტის, არნაჩა როდრიგესის ინფორმაციით, ფეხბურთელს 10 თვე გაუცდება.
Transfermarkt-ის მონაცემებით, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა (9 საგოლე მოქმედება).
ბრაზილიური სანტოსის აღზრდილი 2019 წლიდან რეალის ფეხბურთელია. კლუბთან ერთად არაერთი ტურნირი მოიგო: ლა ლიგა (2019-20, 2021-22, 2023-24), ესპანეთის თასი (2022-23), ესპანეთის სუპერთასი (2020, 2022, 2024), ჩემპიონთა ლიგა (2021-22, 2023-24), უეფას სუპერთასი (2022, 2024), ფიფას მსოფლიო საკლუბო თასი (2022), ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი (2024).
როდრიგოს, რომელსაც Transfermarkt-ი 60 მილიონ ევროდ აფასებს, კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.