ხვიჩა კვარაცხელია, სამირ ნასრი
Aa
Aa

„ფიზიკურად ძლიერია და დუელებსაც უკეთ უძლებს“ - ნასრი კვარაზე და პსჟ-არსენალზე

საფრანგეთის ნაკრების, ლონდონის „არსენალისა“ და „მარსელის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სამირ ნასრიმ Le Parisien-თან ინტერვიუს დროს „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და თავისი მოლოდინები გააზიარა. ვეტერანი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო და მას დღევანდელ მატჩში გარკვეული როლიც მოუძებნა.

სამირ ნასრი:

პსჟ-მდე, მიმდინარე სეზონში ემირეითს სთედიუმზე გამარჯვება მხოლოდ ორმა გუნდმა შეძლო. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი?

„იმაზე, რაც ისედაც ვიცოდით: რომ პსჟ ძალიან, ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც სერიოზული კოლექტივი ჰყავს. ლუის ენრიკემ კარგად იცოდა, როგორც უნდა დაეცვა თავი, ყოფილიყო ძალიან შეკრული და ამ მატჩში სწორედ ეს ვნახეთ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათ მიერ პირველ 30 წუთში გამოვლენილმა ინტენსივობამ და იმ ზეწოლამ, რასაც „არსენალთან“ კონტრშეტევების დროს ახორციელებდნენ. მატჩისწინა ინტერვიუში ლუის ენრიკემ განმარტა, რომ ტაქტიკურად კარგად იყო მომზადებული, ეს ყველაფერი კი პარიზელებმა მოედანზე გადაიტანეს. ქედს ვიხრი მათ წინაშე ასეთი მომზადების გამო“.

ლუის ენრიკეს შესახებ მცდარი წარმოდგენა გვქონდა?

„დიახ. ვფიქრობ, მასზე მცდარი წარმოდგენა გვქონდა, რადგან ესპანურად საუბარი ზოგჯერ შეიძლება ცოტა უხეშად მოგვეჩვენოს, მისი ფრანგული კი ღიმილს მგვრის... მისი დამოკიდებულება დასაფასებელია და ეს ხალხის შეხედულებებსაც ცვლის. სეზონის დასაწყისში, ან გასულ სეზონში ბევრი ამბობდა, რომ ის არ იყო ის ადამიანი, რომელსაც პსჟ უნდა გაეწვრთნა, მაგრამ ვნახეთ, რომ ეს მოსაზრება მცდარია. მბაპესთან მიმართებით მისი დამოკიდებულება სარისკო იყო, მაგრამ მას უბრალოდ ერთი გუნდი სურდა. იცის, რა არის საჭირო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა „ბარსელონასთან“ ერთად. მე მის „ბარსელონას“ დავუპირისპირდი, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ახლანდელი პსჟ მის „ბარსაზე“ შთამბეჭდავია. რა თქმა უნდა, არა შეტევით, რადგან მას სამი ჯადოქარი ჰყავდა - მესი, ნეიმარი, სუარესი, არამედ სხვა თვისებებით“.

როგორ უნდა მიუდგეს ორივე გუნდი ამ მატჩს?

„პირველ რიგში, „არსენალზე“ ვიტყვი, რომ საერთო სხვა გზით! მათ შთაგონება ემირეითს სთედიუმზე, პსჟ-ის მიერ ჩატარებული პირველი 20 წუთი უნდა გახდეს. ისეთივე ინტენსივობით უნდა ითამაშონ და ამაში როგორც თავდამსხმელები, ისე მცველები უნდა ჩაერთონ. მაღალი პრესინგი და დიდი ზეწოლა უნდა განახორციელონ“.

„პსჟ კი ზედმეტად თავდაჯერებული არ უნდა გახდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლუის ენრიკეს ხელში ასე არ მოხდება. უპირატესობა მინიმალურია და თუ „არსენალმა“ სანტიაგო ბერნაბეუზე „რეალთან“ გაიმარჯვა, მაშინ მგონია, რომ ამას „პარკ დე პრენსზეც“ შეძლებს. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „მეთოფეებს“ ტომას პარტეიც დაუბრუნდება, რომელიც ნახევარდაცვაში დიდი ძალაა. ამით დეკლან რაისი შედარებით მაღლა თამაშს შეძლებს, მერინო კი შეტევაში წავა. პრესინგისა და ბურთის შენარჩუნების კუთხით ისინი გაცილებით უკეთესები იქნებიან“.

უსმან დემბელემ პირველ მატჩში ტრავმის გამო მოედანი დატოვა. რა მოხდება, თუ ის ოთხშაბათს თავიდანვე ვერ იქნება მზად?

„კვარა, ბარკოლა და დუე დაიწყებენ. კვარაც მაინც ცოტა ცენტრისკენ დავაყენებდი, სიღრმეში, რადგან ბურთის კარგად დაჭერა შეუძლია და საკვანძო პასებსაც აკეთებს. დუესგან და ბარკოლასგან შედარებით, ის ცოტა უფრო ძლიერია და დუელებსაც უკეთ უძლებს. ბარკოლა უფრო სისწრაფეზე თამაშობს, დუე კი ბურთთან გაცილებით კარგად ურთიერთობს. დემბელეს არყოფნაში კონფიგურაციას უფრო რამუშის შემთხვევაში ვხედავ, მაგრამ ენრიკე ტიპური ცხრიანის დაყენებას ერიდება და ცდილობს ცრუ ცხრიანით ითამაშოს“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „არსენალს“ შორის ლონდონში გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა. საპასუხო დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თვისებების მქონე შემტევის პოვნა ძალიან რთულია“ - ენრიკემ კვარაზე ისაუბრა
„მისი თვისებების მქონე შემტევის პოვნა ძალიან რთულია“ - ენრიკემ კვარაზე ისაუბრა