იოკიჩი: „გამარჯვებულს კარგი დაცვა გადაწყვეტს“
NBA-ს ექსპერტებისა და სპეციალისტების პროგნოზები აშკარად არ გამართლდა, რადგან მათი უმრავლესობა მოელოდა, რომ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში „ოკლაჰომა“ „დენვერს“ იოლად დაამარცხებდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ფინალისტისა და გამარჯვებულის გამოსავლენად სერიაში მეშვიდე მატჩის ჩატარება გახდა საჭირო. „ნაგეტსის“ ასეთი კარგი ასპარეზობის მთავარი შემოქმედი ბუნებრივია ნიკოლა იოკიჩია, რომელმაც შეკითხვაზე, თუ რა გადაწყვეტს გადამწყვეტი თამაშის ბედს, ასეთი პასუხი გასცა:
„გამარჯვებული იქნება ის გუნდი, რომელიც დაცვაში უმაღლეს დონეზე ითამაშებს და უმცირეს დეტალებსაც კი უდიდეს ყურადღებას მიაქცევს. ასევე დიდ მნიშვნელობას იძენს ხშირი მოხსნები იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ხშირად ცდილობენ „თანდერის“ მოთამაშეები ჩვენ ფარქვეშ შემოსვლას და ქულების იქიდან დაგროვებას. „ოკლაჰომა“ „დენვერისგან“ განსხვავდება იმით, რომ გაცილებით უფრო სწრაფად უტევს, ჩვენი ტაქტიკა კი აწყობილია შედარებით ნელ იერიშებზე და ის სათანადო განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ ჩვენი რომელიმე პარტნიორი სასროლ პოზიციაზე რჩება“.
თბილისის დროით, დღეს გამთენიისას გამართულ შეხვედრაში, სადაც „დენვერმა“ „ოკლაჰომა“ 12-ქულიანი სხვაობით, 119:107 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა, ნიკოლა იოკიჩმა 40 წუთში 29 ქულა, 14 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.