ბუფონი: „სამივე ფინალში დამსახურებულად წავაგე“
ჯანლუიჯი ბუფონი იმ ლეგენდარულ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგიათ. სანუკვარი მიზნის მისაღწევად ჯიჯიმ კარიერის მიწურულს საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგა, მშობლიური „იუვენტუსი“ დატოვა და ვარსკვლავებით სავსე „პარი სენ-ჟერმენში“ განაგრძო თამაში, სადაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგებას შეძლებდა, თუმცა მისდა სამწუხაროდ ეს ყველაფერი არც პარიზულ გრანდში გამოუვიდა.
„სენ-ჟერმენი“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებასთან კიდევ ერთხელ არის ახლოს და მისი ყოფილი გუნდის შანსებზე საუბრის დროს, ბუფონს საკმაოდ საინტერესო ფრაზა წამოსცდა.
ჯანლუიჯი ბუფონი
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისეთი მატჩია, სადაც ფავორიტს ვერ დაასახელებ. რომელი კლუბიც 100 კი არა, 1000 პროცენტით დაიხარჯება, გამარჯვებულიც ის დარჩება. ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით - „იუვენტუსთან“ ერთად სამ ფინალში ვითამაშე და ვფიქრობ, როგორც „მილანთან“, ასევე „ბარსელონასთან“ და „რეალთან“ მარცხს ვიმსახურებდით. შესაძლოა „ბებერი სინიორას“ ფანებს ჩემი ნათქვამი არ ესიამოვნოთ, მაგრამ რეალობა ასეთია და მას თვალი უნდა გავუსწოროთ“.
ცნობისათვის, ბიანკონერიმ 2003 წელს კახა კალაძის „მილანთან“ 11-მეტრიანების სერიაში წააგო, ხოლო 2015 და 2017 წლებში, შესაბამისად „ბარსასთან“ (1:3) და „რეალთან“ (1:4) ძირითად დროშივე დამარცხდა.