ინძაგი: ორი მონსტრული თამაში, ფინალში გასვლა დავიმსახურეთ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე „ინტერსა’’ და „ბარსელონას’’ შორის ორი საოცარი დაპირისპირება ვიხილეთ. ორივე მატჩის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში 6:6 ! „ჯუზეპე მეაცაზე’’ დამატებით დროში ფრატეზიმ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და „ინტერი’’ ფინალში გავიდა - 4:3. (ამ მატჩზე იხილეთ ვრცლად).
დაუვიწყარი, შთამბეჭდავი, საოცარი მატჩები ვიხილეთ, ეს შეხვედრები ქომაგთა მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. „ინტერმა'' ორი მატჩის ჯამში 7:6 მოიგო.
სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობით „ინტერი’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავიდა, 2022-23 წლების სეზონის ფინალში „მან. სიტიმ’’ „ინტერს’’ როდრის გოლით მოუგო. ამჯერად, ინძაგის გუნდი ფინალში პსჟ-სა და „არსენალს’’ შორის მოგებულს შეხვდება.
მატჩის შემდეგ სიმონე ინძაგიმ მედიასთან ისაუბრა:
„ბარსელონა’’ ქებას იმსახურებს, ძალიან ძლიერ გუნდს შევხვდით. ორი მონსტრული თამაში შედგა.
ბედნიერი ვარ, რომ ამ ფეხბურთელებს ვწვრთნი, მათით ვამაყობ, ყველაფერი გაიღეს წარმატებისთვის.
რა ვუთხარი ფეხბურთელებს დამატებითი დროის დაწყებამდე? ცვლილებაზე გამოსული ფეხბურთელები დაგვეხმარებოდნენ და საკუთარი თავის რწმენა უნდა გვქონოდა.
ფიზიკური თვალსაზრისით რამდენიმე პრობლემა გვქონდა, თუმცა ჩვენი გულებით ყველა დაბრკოლება გადავლახეთ. ვცდილობდით ჩვენი იარაღები და ხარისხი გამოგვეყენებინა. კარგად გვესმოდა მოედანზე რა უნდა გაგვეკეთებინა. ჩემმა ფეხბურთელებმა ფინალში გასვლა დაიმსახურეს.
ეს დაუვიწყარი ღამე იყო, რომელიც ქომაგებთამ, კლუბთან და ოჯახებთან ერთად გავიზიარეთ. ოთხი საოცარი მატჩი ჩავატარეთ მსოფლიო კლასის გუნდებთან, როგორებიც არიან „ბარსა'' და „ბაიერნი''. დიდებულია მიზნის მიღწევა და ქომაგებთან ერთად ზეიმი''.
UEFA-მ „ინტერი'' - „ბარსელონას'' მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „ინტერის'' მეკარე იან ზომერი დაასახელა, რომელმაც გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.
2014-15 წლების სეზონში „ბარსელონამ’’ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მას შემდეგ ფინალში არ გასულა.
ინტერი-ბარსას მიმოხილვა