დაუვიწყარი მატჩი - ინტერმა ბარსელონას მოუგო და ფინალში გავიდა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში საოცარი დაპირისპირება ვიხილეთ. ინტერმა ბარსელონას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
პირველი ტაიმი მთლიანად ინტერის კარნახით წარიმართა. 21-ე წუთზე დანი ოლმოს შეცდომას კონტრ-შეტევა მოყვა, რომელიც ლაუტარო მარტინესმა დააგვირგვინა. ტაიმის მიწურულს, კუბარსიმ ლაუტარო საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა. ბურთთან ჰაკან ჩალჰანოღლუ მივიდა, რომელმაც ზუსტად შეასრულა და ნერაძური შესვენებაზე 2-ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმი კი თითქმის მთლიანად ბარსელონასი იყო. 54-ე წუთზე ხერარდ მარტინის დიდებული პასის შედეგად ერიკ გარსიამ ეფექტური გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე კვლავ მარტინის პასი და დანი ოლმო თავით იტანს 2:2.
აღსანიშნავია, რომ ოლმოს გოლამდე, იან ზომერმა ერიკ გარსიას მკვდარი ბურთი აუღო.
უპირატესობას კვლავ ბარსელონა ფლობდა და ამ ყველაფერმა შედეგი 87-ე წუთზე გამოიღო. რაფინიამ ბარსელონა დააწინაურა. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დენზელ დუმფრისის პასი აჩერბიმ გამოიყენა, წონასწორობა აღადგინა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.
დამატებით დროში ფრატესიმ გაიბრწყინა და მარკუს ტურამის დიდებული თამაშის შემდეგ, შჩესნის შორეულ კუთხეში უზუსტესი დარტყმით გაუტანა. ბარსელონა ბევრს უტევდა. ლამინ იამალს გოლამდე ძალიან ცოტა დააკლა. ესპანელი ტალანტის დარტყმა ზომერმა მოიგერია.
საბოლოოდ, კატალონიურმა გრანდმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერი გავიდა, სადაც პარი სენ ჟერმენს ან ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება.
2 საინტერესო ფაქტი
მატჩის მიმდინარეობისას ორი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, კონკრეტულად პლეი-ოფში პირველად მოხდა ისე, რომ გუნდებმა ორივე შეხვედრაში 3:3 ითამაშეს.
ასევე, რაფინიამ კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გაიმეორა. ჩემპიონთა ლიგის 1 სეზონში 21 საგოლე მოქმედება, თუმცა სხვაობა იმაში გახლავთ, რომ პორტუგალიელმა ლეგენდამ 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბრაზილიელმა კი 13 გოლი და 9 საგოლე პასი მიითვალა.