შტურმმა კიტეიშვილის გოლით მოიგო - ქართველი საუკეთესო სეზონს ატარებს
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის მორიგ ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „ლინცს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ქართველი ნახევარმცველის გოლით, 1:0 დაამარცხა.
ოთარ კიტეიშვილმა ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული მატჩი ჩაატარა და ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. როგორც უკვე გითხარით, „შტურმმა“ სწორედ მისი დამსახურებით მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
კიტეიშვილმა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის დებიუტში, 48-ე წუთზე გაიტანა და ამის გარდა, გოლის გატანის კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა.
საგულისხმოა, რომ 79-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გრაცელთა შემტევი, ბოგდანოვიჩი გააძევა, თუმცა კაცნაკლულმა „შტურმმა“ მაინც შეძლო შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა.
ოთარ კიტეიშვილმა Sofascore-სგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - 8.0. მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 38-დან 34 ზუსტი პასი (84%), 5 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 6 პოზიციური დუელიდან 2 მოიგო, სახიფათო სიტუაცია ორჯერ განმუხტა, 1 ართმევა, კარისკენ 3 დარტყმა, 1 ზუსტი, რომელიც გოლით დასრულდა, 1 არაზუსტი, ერთიც კი დაუბლოკეს.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 29-ე მატჩი ჩაატარა და მე-12 გოლი გაიტანა, ამასთან, მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაცაა. კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზეც შეძლო ერთი გოლით თავის გამოჩენა. საგულისხმოა, რომ ქართველი ნახევარმცველი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. აქამდე, კიტეიშვილს შიდა ჩემპიონატში ერთ სეზონში 12 გოლი არასდროს ჰქონია გატანილი. საუკეთესო შედეგს მან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში მიაღწია, როდესაც დინამო თბილისის შემადგენლობაში 11 გოლის გატანა შეძლო.
29 ტურის შემდეგ „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში 36 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 მაისს, საკუთარ მოედანზე „ზალცბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.