ბაზელი სიგუასთვის გუნდს დიდი ხანი ეძებდა | ქართველის ახალი კლუბი ცნობილია
შვეიცარიული Blick-ის ინფორმაციით, „ბაზელი’’ გაბრიელ სიგუას „ლოზანაში’’ გაანათხოვრებს, საკითხი გადაწყვეტილია და მხოლოდ სამედიცინო შემოწმება დარჩა გასავლელი.
გასული სეზონის მეორე ნახევარში ტრავმების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა გუნდის სასტარტოში ადგილი ვერ დაიბრუნა. წყარო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, „ბაზელი’’ სიგუასთვის გუნდს დიდი ხანი ეძებდა და საბოლოოდ „ლოზანას’’ ვარიანტი შეირჩა. დიდხნიანი ძებნა იმაზე მიუთითებს, რომ მოთამაშე არც ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუდოვიკ მანინის გეგმებში არ შედიოდა, დარჩენის შემთხვევაში თამაში კვლავ არ მოუწევდა.
გარდა ამისა არსებობდა კიდევ ერთი ფაქტორი, „ბაზელი’’ უცხოელი ფეხბურთელის დამატებაზე მუშაობდა და ამისთვის ერთი უცხოელის გაშვება აუცილებელი იყო. კვოტაში ადგილის გასათავისუფლებლად გუნდიდან სიგუა გაუშვეს.
მოკლედ, ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. დიდი ალბათობით „ლოზანაში’’ სათამაშო დროს მიიღებს, რაც ფორმაში შესვლისთვის აუცილებელი წინაპირობაა. CrystalSport-ის ინფორმაციით, მშრალი იჯარაა გამოსყიდვის უფლების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ „ბაზელი'' მოთამაშეზე უარს არ ამბობს. თუ ფორმას აღიდგენს, „ბაზელში'' დაბრუნება რეალურია.
გასულ სეზონში სიგუა შვეიცარიის ჩემპიონატში სასტარტო 11-ეულში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. პოზიტიურად უნდა შევაფასოთ მისი თამაში შვეიცარიის თასზე, 17 წუთით ითამაშა და გოლი გაიტანა.
1,90 მ. სიმაღლის შემტევს „ბაზელთან’’ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.