არბელოა: “ვისურვებდი გუნდში ფრან გარსიასნირი 25 ფეხბურთელი მყავდეს
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ელჩეს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ კომენტარი გააკეთა.
მატჩზე:
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რთული მეტოქის წინააღმდეგ, რადგან ისინი დიდ მოთხოვნებს გვიყენებდნენ. ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, ბევრ მათგანს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბედნიერი ვარ გამარჯვებით, რადგან დღეს სწორედ ეს იყო მთავარი.“
აკადემიის ფეხბურთელებზე:
„ასეთი საღამოს შემდეგ მშვიდად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. როგორც აკადემიის აღზრდილი და მწვრთნელი, რომელიც წლებია აკადემიაში მუშაობს, ჩემთვის განსაკუთრებულია, რომ იანესსა და აგუადოს, ბიჭებს, რომლებსაც პირველად მაშინ ვწვრთნიდი, როცა 13–14 წლისები იყვნენ, დღეს ბერნაბეუზე დებიუტის შანსი მივეცი. სიტყვებით ვერ აღვწერ რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ეს შესანიშნავი ამბავია მთელი აკადემიისთვის და ისინი ყველასთვის მაგალითები არიან. მე თვითონაც აკადემიის ფეხბურთელი და მწვრთნელი ვარ. ეს დღე ცოტათი „კინტა დელ ბუიტრეს“ დროებს გამახსენებს. ძალიან ბედნიერი ვარ — ეს დღე დასამახსოვრებელია. გასახდელში მათ დიდი ოვაციით შეხვდნენ.“
არდას გოლზე:
„დავინახე, როგორ აიწია ყველას ხელები გაოცებისგან. წარმოუდგენელია 70 მეტრიდან ასეთი გოლის გატანა. მარტო ამ გოლის სანახავადაც კი ღირს ბილეთის ყიდვა.“
ვალვერდეს გოლზე:
„ასე თუ გააგრძელებს, მალე ჰუგო სანჩესსაც დაემსგავსება. საჯარიმოში თავს სულ უფრო კომფორტულად გრძნობს. მისნაირ ფეხბურთელთან ყოველდღიურად მუშაობა დიდი გამოცდილებაა — ის გუნდს მაგალითით ლიდერობს.“
„ეტიჰადზე“ საპასუხო მატჩზე:
„ისინი ძალიან გაგვირთულებენ საქმეს. კარგი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ როცა ფორმაში არიან, ნებისმიერი გუნდის განადგურება შეუძლიათ. იგივე კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ და გამარჯვებაზე ვიფიქროთ, თორემ ძალიან გაგვიჭირდება.“
ლა ლიგაზე:
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და აუცილებლად უნდა მოგვეგო — სწორედ ასე მოხდა. იმედი მაქვს, „რეალის“ ყველა გულშემატკივარი ხედავს, რამდენ შრომას დებენ ეს ფეხბურთელები. ვიმედოვნებ, სეზონი ბედნიერი დასასრულით დასრულდება.“
ფრან გარსიაზე:
„მას მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრა. როცა არ თამაშობ, მარტივი არ არის ისე ვარჯიში, როგორც ის აკეთებს — უკმაყოფილების გარეშე. ვისურვებდი, გუნდში 25 ფრან გარსია მყავდეს.“
მბაპეზე:
„ხვალ შევამოწმებთ მის მდგომარეობას.“
ბრაჰიმზე:
„ბედნიერია. რა თქმა უნდა, უფრო ხშირად თამაში უნდა — და ეს დაიმსახურა კიდეც. როცა შანსი მიიღო, კარგად გამოიყენა. ის ბევრს გვაძლევს, რადგან ორივე ფლანგზე მაღალი ხარისხით თამაშობს და ძალიან ბევრს შრომობს.“
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბის მხრიდან გოლები ანტონიო რუდიგერმა, ფედერიკო ვალვერდემ, დინ ჰაუსენმა და არდა გიულერმა გაიტანეს. მადრიდის რეალი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართავს.