ბარსელონა, სევილია, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“ეს მარტივი არ იქნება“ - ფლიკი სევილიასთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა სევილიას უმასპინძლებს. მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფლიკი:

„ამ კვირაში სამი მატჩი გვაქვს — ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა. ჩვენი მიზანი სამივე თამაშის მოგებაა. ეს მარტივი არ იქნება. „სევილიამ“ უკვე დაგვანახა თავისი ძლიერი მხარეები: ისინი მაღალ პრესინგს თამაშობენ და ერთი-ერთზე ძალიან ძლიერები არიან. თუმცა მინდა, რომ ჩემმა გუნდმა თავდაჯერებით და რწმენით ითამაშოს.

ამ ეტაპზე მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. დანარჩენს შემდეგ ვნახავთ. მათი სტატისტიკა არ მაშინებს. ასეთ რაღაცებს ფეხბურთში ხშირად ვხედავთ. ვფიქრობ, ახლა კარგი დროა, რომ ორივემ ფორმა დავიბრუნოთ. რაც ვარჯიშებზე ვნახე, სწორი მიმართულებით მივდივართ.

„ატლეტიკოსთან“ მარცხი მძიმე გაკვეთილი იყო, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლეთ. ზოგ პოზიციაზე არჩევანი შეზღუდულია. მომწონს, როგორ მუშაობს გუნდი და როგორი დამოკიდებულება აქვთ ფეხბურთელებს. ბოლო 11 დღეში ოთხი მატჩი ვითამაშეთ და ცვლილებების გაკეთების შესაძლებლობა მცირე იყო. თანაც რამდენიმე მოთამაშე ახლახან დაბრუნდა ტრავმის შემდეგ.

ცოტა დრო გვჭირდება. მარკ ბერნალი, პედრი, რაფინია და რაშფორდი ტრავმების შემდეგ ნელ-ნელა ფორმაში შედიან. გუნდის დამოკიდებულება ძალიან კარგია — ბოლო მატჩებიდან არცერთი არ ყოფილა მარტივი. ყველა ძალიან ინტენსიური თამაში იყო. ამასთან, გვყავს ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელებიც, რომლებიც მუდმივად პროგრესირებენ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება სევილიას გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. შემდეგი მატჩი კი 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები