პეპი: “ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ დასრულებულა“
პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში მანჩესტერ სიტი ვესტ ჰემს დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პეპი:
„ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ დასრულებულა. ვინ თქვა ეს? ჩვენ არ წაგვიგია. ბრძოლას გავაგრძელებთ. „არსენალთან“ ცხრა ქულით ჩამორჩენა დიდი სხვაობაა, მაგრამ მსგავსი რამ ფეხბურთში უკვე მომხდარა. წინ საშინაო მატჩიც გვაქვს, ამიტომ ბოლომდე უნდა ვცადოთ. თუ საბოლოოდ შეუძლებელი აღმოჩნდება, მაშინ ჩემპიონს მივულოცავთ, მაგრამ ჯერ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.
ჩვენ შესანიშნავი გუნდი და ძლიერი სულისკვეთება გვაქვს. მადრიდში დიდი ძალისხმევა ვნახე ჩვენი ფეხბურთელებისგან. ბოლო ორ მატჩში ბევრად უკეთ ვითამაშეთ. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ. ფეხბურთელები ბოლომდე იბრძვიან, სანამ ძალა აქვთ, მაგრამ როცა გოლები არ გაგაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი გაქვს, მეტოქე ამის გამო აუცილებლად გსჯის.
საკმარისი გოლები ვერ გაგვაქვს. ეს ბოლო ათწლეულში ამ გუნდთან ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ ამ სეზონში განსაკუთრებით გვიჭირს. თავდასხმაში საკმარისად საშიშები არ ვართ და ეს არ მომწონს. ბოლო მესამედში საჭიროა ის ნაპერწკალი, რომელსაც ფეხბურთელები უნდა ქმნიდნენ.
პრემიერ ლიგის მოსაგებად უფრო დიდი სტაბილურობაა საჭირო. წინა წლებში სწორედ ეს გვქონდა — ვიგებდით, ისევ ვიგებდით და ყოველთვის ვპოულობდით გზას გამარჯვებისთვის. ამ სეზონში კი შექმნილი შანსების მიუხედავად, როცა გოლები ვერ გაგვაქვს, საბოლოოდ ამისთვის ვისჯებით.“
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი ამ მომენტისთვის ლონდონის არსენალს 9 ქულით ჩამორჩება, თუმცა ქალაქელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
პეპ გუარდიოლას გუნდი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს. სიტიმ პირველი შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე 0:3 დათმო. მომავალი დაპირისპირება 17 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.