ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

უნდობლობას გოლებით პასუხობს - ზივზივაძის შთამბეჭდავი შედეგიანობა

ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ვილი სანიოლისგან განსხვავებით „კარლსრუეს'' მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერი დიდ ნდობას არ უცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ სასტარტოში რეგულარულად არ ათამაშებს, მისი შედეგიანობა ბევრ რამეზე მეტყველებს.

გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული ბუდუ ზივზივაძის შედეგიანობა შთამბეჭდავია, მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო 12 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო.

საკლუბო და სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით ბოლო 13 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

ამ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში 24 მატჩი ჩაატარა. სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული 12 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, მეორე ტურში „ჰამბურგთან'' ცვლილებაზე გამოვიდა, ლარს შტინდლის საგოლე პასით შეაგდო და გუნდი მარცხისგან იხსნა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული 12 ჩატარებულ შეხვედრაში (12-დან 1 სასტარტოში) მხოლოდ 1 გოლი შეაგდო, უნდა ითქვას, რომ მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერი არ ენდობოდა, ძირითადად მატჩის მიწურულს რთავდა თამაშში და ეს ხდებოდა გუნდში, სადაც უპირატესობას 2 ფორვარდით თამაშს ანიჭებენ.

ახლა მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში პირველადგილოსანს მხოლოდ 6 გოლით ჩამორჩება, თუმცა სეზონის სტარტი ოპტიმიზმის საფუძველს საერთოდ არ ტოვებდა. სეზონის ცუდი სცენარი კარგისკენ ნოემბრის ბოლოს შეიცვალა, როცა ცვლილებაზე გამოვიდა და „ნიურნბერგს'' დუბლი შეუსრულა, შემდეგ მატჩში კვლავ სკამზე აღმოჩნდა, მაგრამ გოლი მაინც შეაგდო, ამჯერად როსტოკის „ჰანზას'' გაუტანა და გუნდი მარცხისგან იხსნა. ორ მატჩში გატანილი 3 გოლით კრისტიან აიხნერი იძულებული გახდა ბუდუ სასტარტოში დაეყენებინა, მაგრამ სასტარტოში თამაშის პრობლემა ამით არ გადაჭრილა.

მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ ჩატარებულ 8 მატჩში მის ანგარიშზე 6 გოლი იყო, აიხნერმა სკამზე დასვა და ცვლილებაზე ათამაშებდა. 23-ე ტურში ბუდუ „კაიზერთან'' 88-ე წუთზე გამოვიდა და პირველ დამატებულ წუთზე ბრწყინვალე თავური დარტყმით გაიტანა. სასტარტოში სანაკრებო პაუზის დაწყებამდე, 3-მატჩიანი პაუზის შემდეგ „მაგდებურგთან'' დაბრუნდა, დუბლი შეასრულა და ბრწყინვალე საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს (ვრცლად).

ამ სეზონში ბუდუ ზივზივაძემ საკლუბო და სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით სამი დუბლი შეასრულა („ნიურნბერგთან'', „მაგდებურგთან'', ლუქსემბურგთან). ასევე, დუბლი ზედიზედ ორ შეხვედრაში შეასრულა („მაგდებურგთან'' და ლუქსემბურგთან).

საკლუბო და სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით ამ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 30-დან სასტარტოში მხოლოდ 11-ჯერ მოხვდა და 13 გოლი შეაგდო. 13-დან 3 გოლი ნაკრების მაისურით გაიტანა (ნორვეგიასთან, დუბლი ლუქსემბურგთან). ასევე გეტყვით, რომ მეორე ბუნდესლიგაში გატანილი 10 გოლიდან 4 ცვლილებაზე გამოსვლისას გაიტანა.

მთავარი ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები